გიორგი გახარიამ და ჯონ ბოლტონმა უსაფრთხოების კუთხით საქართველოს გამოწვევები და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველს, ჯონ ბოლტონს უმასპინძლეს.
შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა უსაფრთხოების კუთხით საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, რეგიონული საფრთხეები და ამ კონტექსტში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრისას ხაზი გაესვა უსაფრთხოების სფეროში აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას.
განხილვის თემას ასევე წარმოადგენდა საქართველოს უსაფრთხოების სექტორის რეფორმა. ამ კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყანაში ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის ეფექტური მექანიზმების შემუშავების აუცილებლობას. მხარეებმა უსაფრთხოების სფეროში, სტრატეგიულ დონეზე პოლიტიკის მაკოორდინირებელი ორგანოს შექმნის საკითხიც განიხილეს.
შსს-ს შეფასებით, ჯონ ბოლტონის ვიზიტი საქართველოს მიმართ აშშ-ის ადმინისტრაციის ურყევ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
„აშშ, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ქვეყნისთვის კვლავაც უმნიშვნელოვანეს დასაყრდენად რჩება ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით“, – აღნიშნულია სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების უშიშროების საბჭოს მდივანი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველი ჯონ ბოლტონი საქართველოს ეწვია. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიან, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან.