შინაგან საქმეთა სამინისტროში გვაქვს პოზიცია, რომ საგამოძიებო კომპონენტი ჩვენს სტრუქტურაში უნდა იყოს გარკვეულწილად ელიტა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ თემაზე – „საგამოძიებო სისტემის რეფორმა“ გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.
მისი შეფასებით, ეს უნდა იყოს ინტელექტუალური ბირთვი, რომელმაც საპოლიციო საქმიანობის მაღალი ხარისხი უნდა უზრუნველყოს, ოპერატიული და საუბნო მიმართულებების ერთობლივი მუშაობის საფუძველზე.
„ამ მიმართულებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი, რაც გავაკეთეთ, შსს-ში 1 200-ზე მეტი გამომძიებლის საკვალიფიკაციო დონე შევაფასეთ. ამ შეფასების საფუძველზე მათი გადასამზადებელი კურსები შემუშავდა და შეიქმნა საბაზისო კურსები, ვსაუბრობთ შსს-ს პოლიციის აკადემიაზე“, – აღნიშნა მინისტრმა.
ამასთან, მისი თქმით, პრინციპულად იცვლება შსს-ში სამსახურში მიღების წესი.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება გახლავთ შსს-ში სამსახურში მიღების წესი, რომელიც ასევე პრინციპულად იქნება შეცვლილი. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. შესაბამისად, დღეს ვხსნით დისკუსიას თქვენთად ერთად რეფორმების იმ შინაარსობრივ ნაწილზე, რომლის სტრუქტურული მხარე ფაქტობრივად დასრულებული გვაქვს. ეს იქნება პლატფორმა, რომელზეც გარკვეული დისკუსია და მსჯელობა გვექნება“, – მიმართა მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს.
მისი განმარტებით, მნიშვნელოვანი კომპონენტია საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების სინერგიის ეფექტი.
„კარგად ვხვდებით და ვაფასებთ სიტუაციას, რომ ამ საზღვრის, თანამშრომლობის ეფექტიანი და ხარისხიანი სტრუქტურირების გარეშე შეუძლებელია ხარისხიანი მართლმსაჯულების სისტემაზე საუბარი“, – აღნიშნა გახარიამ და განაცხადა, რომ ძირითადი მიზანია, გამოძიების ხარისხის ამაღლება და გამოძიებაზე საპროკურორო კონტროლის გაძლიერება.
მისი თქმით, სწორედ ამ გზით შეიძლება იმ შედეგის მიღწევა, რომ მართლმსაჯულებისა და კრიმინალთან ბრძოლის სისტემა და ზოგადად, მართლწესრიგი შეჯიბრობითობის პრინციპს ემყარებოდეს და ეფექტიანი იყოს.
გიორგი გახარიამ იმედი გამოთქვა, რომ კონფერენციის მონაწილეების ჩართულობა მაქსიმალური იქნება. როგორც მან აღნიშნა, უწყება აბსოლუტურად ღიაა, გაითვალისწინოს სამართლიანი კრიტიკა.
„როგორც ყოველთვის, აბსოლუტურად ღია ვართ, რომ გავითვალისწინოთ როგორც მკაცრი, მაგრამ სამართლიანი კრიტიკა, ასევე ჩვენი მხრიდან დავსვათ მწვავე კითხვები, რომელიც გვექნება“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
გიორგი გახარიამ მხარდაჭერისთვის ევროკავშირსა და ყველა საერთაშორისო პარტნიორს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შსს საგამოძიებო სისტემის რეფორმას იწყებს. უწყებამ, ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის ხელშეწყობით, თემაზე „საგამოძიებო სისტემის რეფორმა“, კონფერენცია დღეს გამართა.