მარგარეტა სედერფელტი - საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა საარჩევნო პროცესის გასაუმჯობესებლად
საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა საარჩევნო პროცესის გასაუმჯობესებლად, მინდა, აღვნიშნო ქართველი ხალხის დამსახურება დემოკრატიის სასარგებლოდ, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, მარგარეტა სედერფელტმა განაცხადა.
მისი თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაცია იყო გამჭვირვალე და ინკლუზიური. კანდიდატებს შეეძლოთ, თავისუფლად მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში. ასევე, თავისუფალი წვდომა ჰქონდათ დამკვირვებლებსა და საარჩევნო კომისიის წევრებს.
„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიაში 20-ზე მეტი ქვეყნიდან 50-ზე მეტი პარლამენტის წევრი შედიოდა. არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით ვაკვირდებოდით. როგორც პარლამენტარები, ვაღიარებთ დემოკრატიული კონტროლის, არჩევნების მნიშვნელობას, რადგან ჩვენც არჩეული ვართ და ჩვენი ვალია, წარმოვადგინოთ ისინი, ვინც აგვირჩია, ასევე არჩევნების დემოკრატიულ ასპექტებსაც მივაქციოთ ყურადღება. ვიზიარებთ განცხადებას, რომელიც უკვე გაკეთდა. მინდა აღვნიშნო, რომ მესამედ ვარ არჩევნებზე. პირველად 2008 წელს ჩამოვედი დამკვირვებლად. დავინახე, რომ ბევრი რამ გაკეთდა საარჩევნო პროცესის გასაუმჯობესებლად. მინდა, აღვნიშნო ქართველი ხალხის დამსახურება დემოკრატიის სასარგებლოდ“, – განაცხადა მარგარეტა სედერფელტმა.
მისი შეფასებით, ასევე დაცული იყო ზოგადი უფლებები და თავისუფლება. მან მედიის დამოკიდებულებასაც გაუსვა ხაზი და ხარისხიანი ინფორმაციის პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება.
„კანდიდატებს შეეძლოთ, თავისუფლად მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში და თავისუფალი წვდომა ჰქონდათ დამკვირვებლებსა და საარჩევნო კომისიის წევრებს. მედიის დამოკიდებულება პოლარიზებული და პოლიტიზებულია, ხარისხიანი ინფორმაციის მიღება კვლავ პრობლემაა. იყო ზედაპირულობა და მიკერძოებულობა, რომელიც ზოგიერთმა მოთამაშემ საარჩევნო კამპანიისას გამოამჟღავნა. ამას უარყოფითი გავლენა აქვს დიალოგზე სამოქალაქო საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. ეს განსაკუთრებით საწყენია, რადგან საქართველოში აქტიურმა სამოქალაქო საზოგადოებამ ხელი შეუწყო საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას“, – აღნიშნა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.
მისი შეფასებით, კამპანია ნაწილობრივ ნეგატიურ ბრალდებასაც შეიცავდა.
„მინდა, მოვუწოდო საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილეს, მათ შორის მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას, პროფესიული ეთიკა უმაღლეს დონეზე დაიცვან, განსაკუთრებით მეორე ტურის დროს“, – მარგარეტა სედერფელტმა.
მან საქართველოს სტუმართმოყვარეობა აღნიშნა და მიღებისთვის ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხსა და ხელისუფლებას კეთილგანწყობისა და თანაშრომლობისთვის. ვიმედოვნებთ, მეორე რაუნდისთვისაც ჩამოვალთ საქართველოში“, – აღნიშნა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.
სასტუმრო „რედისონში“ ეუთო-ს (OSCE), დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR), ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PACE), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის (NATO PA) და ევროპარლამენტის (EP) საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნების ჩატარების შესახებ წინასწარ მოხსენება წარადგინეს.