დავით უსუფაშვილი - ვისურვებდი, გრიგოლ ვაშაძემ კვლავ პრეზიდენტის დარი სოლიდურობა გამოავლინოს და ამსტერდამიდან დასახული ტაქტიკით არ იმოძრაოს
„შენების მოძრაობა“ გაერთიანებული ოპოზიციის მიერ თბილისში 2 დეკემბერს დაგეგმილ აქციას არ უერთდება. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე მოძრაობის ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
ამასთან, უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის ესმის, თუმცა უმჯობესი იქნება, მან „ამსტერდამიდან დასახული ტაქტიკით არ იმოძრაოს“.
„იქ მისული „ევროპელები“ თუ იქიდან მოდიან კვირის აქციისას, ახლა ჩვენ იქ მივალთ? აქცია გასაგებია, მესმის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის. მან მიიღო ძალიან სერიოზული მხარდაჭერა. არჩევნების შემდგომ პერიოდში პოლიტიკური აქტივობები თითქმის აუცილებელია, მაგრამ ვისურვებდი, რომ მან უკვე არაკანდიდატის როლში კვლავ პრეზიდენტის დარი სოლიდურობა გამოავლინოს და მაინცდამაინც ამსტერდამიდან დასახული ტაქტიკით არ იმოძრაოს ხვალ და ზეგ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისი თქმით, ეს ქვეყნისთვის კარგი იქნება, რადგან პოლიტიკური ცხოვრება გრძელდება.
„გზა და გეზი, რაც ამსტერდამიდან იქნა მოხაზული, ამ გზას არ მიყავს არც „ნაციონალური მოძრაობა“ სადმე და არც ქვეყანა. ამიტომ დავაკვირდები, რა პოზიციაზე ჩამოყალიბდება „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ამ ქვეყნის პოლიტიკური სისტემის ერთ-ერთი შემადგენელ ნაწილი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველა აქციას, ვერ შევუერთდები და არ შევუერთდები“, – აღნიშნა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა.
დავით უსუფაშვილის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო ორთაბრძოლა წესების გარეშე, რომელშიც მხარეებმა ყველა იარაღი გამოიყენეს.
ამასთან, უსუფაშვილის თქმით, ის მხარს უჭერს პროპორციული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების იდეას და მზად არის, ამ საკითხზე ოპოზიციასთან კონსულტაციები გამართოს, თუმცა აქციაში მონაწილეობას არ გეგმავს.