დავით ბაქრაძე - რუსეთი განაგრძობს აგრესიულ პოლიტიკას, რომელიც ე.წ. გავლენის ზონების შენარჩუნებისკენაა მიმართული
რუსეთი განაგრძობს აგრესიულ პოლიტიკას, რომელიც საზღვრების გადაწევისა და ე.წ. გავლენის ზონების შენარჩუნებისკენაა მიმართული, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ სენატში, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (ჰელსინკის კომისიის) სხდომაზე განაცხადა, სადაც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შესახებ მოხსენებით წარდგა.
მისი თქმით, აღნიშნული საფრთხეს უქმნის ევროპის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.
„დღეს ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ეუთო-ს პრინციპებისა და ვალდებულებების დარღვევებზე. ვფიქრობ, ეს არის განხილვის შესაბამისი თემა არა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წელი გავიდა, არამედ იმიტომაც, რომ რუსეთი განაგრძობს თავის აგრესიულ პოლიტიკას. აღნიშნული პოლიტიკა მიმართულია საზღვრების გადაწევისა და ე.წ. გავლენის ზონების შენარჩუნებაზე. ეს საფრთხეს უქმნის ევროპის სტაბილურობას, უსაფრთხოებას და საშიშ გარემოს ქმნის, რამაც სათანადო წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, შესაძლოა, რეგიონში ისეთი განვითარება ჰპოვოს, რაც რთული შესაცვლელი იქნება“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისი თქმით, 2008 წლის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ ეუთო-ს სხდომაზე მიღებული ჰელსინკის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციის ფინალური აქტის პრინციპების სრული სპექტრი დაარღვია: სუვერენიტეტი დ ტერიტორიული მთლიანობა, საზღვრების დაურღვევლობა, ძალის გამოყენებისა და მუქარის, ერთმანეთის ტერიტორიების სამხედრო ოკუპაციის, სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის ხელყოფისა ან უზურპაციის, ადამიანის უფლებების დარღვევის დაუშვებლობა და სხვა.
„ბოლო 10 წლის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციამ გააქტიურა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული არალეგალური ნაბიჯები. მოსკოვი განაგრძობს ე.წ. ინტეგრაციული შეთანხმებების განხორციელებას, რითაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემებში აქცევს.
ყველა საერთაშორისო ვალდებულების დარღვევით, რუსეთის ფედერაციამ გააძლიერა თავისი სამხედრო კონტინგენტი და ოკუპაცია, არალეგალურად განათავსა სრულმოქმედი სამხედრო ბაზები 10 ათასი ჯარისკაცით, უსაფრთხოების სამსახურის სამი ათასი თანამშრომლით, განვითარებული თავდაცვითი იარაღით, მუდმივად ავლებს სამხედრო საზღვრებსა და არღვევს საქართველოს საჰაერო საზღვარს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
აშშ-ში საქართველოს ელჩის თქმით, ამავდროულად, რუსეთის ფედერაციამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვა გააქტიურა.
„აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ბარიერების მთლიანმა სიგრძემ 49 კილომეტრს მიაღწია და ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო საზღვრის გასწვრივ – 52 კილომეტრს. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე საქართველოში განთავსებულ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას რუსეთი კვლავ არ უშვებს ოკუპირებულ რეგიონებში, რათა სრულად განახორციელოს თავისი მანდატი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ აშშ-ის სენატში, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (ჰელსინკის კომისიის) სხდომაზე გამოსვლისას.