ბიძინა ივანიშვილი - თანაგუნდელებს შევახსენებ, არ გვაქვს რესურსი, საკუთარ ნებივრობაზე ვიფიქროთ, ვისაც გინდათ, განეწყვეთ, ვისაც არა, სხვა სამსახური ნახეთ
თანაგუნდელებს მინდა შევახსენო, ვისაც სურვილი აქვს და ხელეწიფება, რომ ხალხის სამსახურში ჩადგეს, კეთილი ინებონ და ახლავე განეწყონ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.
„ჩემს თანაგუნდელებს მინდა შევახსენო, ჩვენ არ გვაქვს დამატებით არანაირი რესურსი, რომ საკუთარ თავსა და ნებივრობაზე ვიფიქროთ. ვისაც სურვილი აქვს და ხელეწიფება, რომ ხალხის სამსახურში ჩადგეს, კეთილი ინებონ და ახლავე განეწყონ. გუშინ შტაბის უფროსთან საინტერესო შეხვედრა მქონდა. იქვე შევახსენე, ეს არაფერი არაა-მეთქი, ამ რეჟიმში მოგიწევთ მუდმივად მუშაობა, საარჩევნო რაც არის-მეთქი. ვისაც გინდათ და თუ არ გინდათ, სხვა სამსახური ნახეთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ გუნდს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ შეხვდა და აღნიშნა, რომ კარგი გუნდია და კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს.
„მინდა ვთქვა, რომ გუნდი კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. რამდენჯერმე მქონდა შეხვედრა პირველი ტურის შემდგომ და კარგი გუნდია. რაც აკლია, მე ვიცი. გადახალისება, მოტივაცია, პროფესიონალიზმის ამაღლება, პასუხისმგებლობის განცდის გაზრდა, ყოველდღიური მუშაობა, ის, რაც სჭირდება, ამას ყველაფერს მოვარგებთ და გავაკეთებთ, როგორც სჭირდება ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.