ბენზინში ტყვიის შემცველობის დადგენის მიზნით, ბენზინგასამართი სადგურები მოწმდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბენზინგასამართი სადგურების შემოწმება დაიწყეს. ბენზინში ტყვიის შემცველობის დადგენის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, 240 სინჯს აიღებენ.
სამინისტროს ინფორმაციით, შემოწმება კომპანიების წარმომადგენლების გაფრთხილების გარეშე განხორციელდება, ხოლო სინჯების ლაბორატორიულ კვლევას საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია უზრუნველყოფს.
კვლევის შედეგად, დადგინდება ბენზინში ტყვიის შემადგენლობის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან მიმართებაში.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის მიწოდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 8 000 ლარის ოდენობით.