თბილისში ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ რეაბილიტაცია განხორციელდება.
პროექტი „განახლებული მზიური“ თბილისის მერმა კახა კალაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად წარადგინა.
პროექტი 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული ტერიტორიისა და პარკი „მზიურის“ აღდგენა-მოწყობას, არსებული ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციის ითვალისწინებს. ასევე, დაგეგმილია პარკის ტერიტორიაზე განთავსებული ამორტიზებული შენობების რეაბილიტაცია-ადაპტაცია და მათ კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეებად გარდაქმნა.
პროექტის მიხედვით, „მზიურის“ ყოფილი საბაგირო სადგურის შენობაში მინი მედიათეკა და საგამოფენო დარბაზი მოეწყობა. მზიურის ტერიტორიაზე „თოჯინების მუზეუმისთვის“ შენობაც აშენდება. მუზეუმის პროექტი მოიცავს საგამოფენო სივრცეებს, სამეცნიერო ლაბორატორიას, საგანმანათლებლო ცენტრს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ბავშვთა ქალაქში ითვალისწინებს ტერიტორიის გეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ კვლევასაც, დენდროლოგიური და სარწყავი სისტემების პროექტს, რომლის მიხედვითაც პარკის ტერიტორიაზე დამატებით ხე-მცენარეები დაირგვება.
რეაბილიტაციის ფარგლებში „მზიურში“ აშენდება ადაპტირებული საზოგადოებრივი საპირფარეშოები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. სრულად განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემა, მოეწყობა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა, საბავშვო გასართობი და სპორტული მოედნები.
სარეაბილიტაციო არეალი 13 ჰა ფართობ ტერიტორიას მოიცავს.
პროექტის განხორციელება 2019 წელს დაიწყება და 2020 წელს დასრულდება.