არჩილ თალაკვაძე - ვგმობთ სიცრუეს, რომელიც კომისიის წევრებმა გაავრცელეს, თითქოს საგამოძიებო კომისიის საქმიანობას ბოიკოტს ვუცხადებდით
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარისა და მისი ოპოზიციონერი წევრების მხრიდან, ორი დღის გამავლობაში სრულიად არაკოლეგიალური დამოკიდებულება ვნახეთ, – ამის შესახებ კომისიის დღევანდელ სხდომაზე შესვლამდე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„მათ პირდაპირ იცრუეს. საზოგადოებას სიცრუე უთხრეს და ისე გააშუქეს მოვლენები, თითქოს, ჩვენ კომისიის საქმიანობას ბოიკოტს ვუცხადებდით. შეგიძლიათ ამოიღოთ ოქმი, რომელიც აღწერს, რომ ჩვენ პოზიცია წინასწარ დავაფიქსირეთ, რომ დოკუმენტზე სამუშაოდ ორი დღე მაინც გვჭირდებოდა, რომელიც მათ ბოლო მომენტში გადმოგზავნეს და ჯერ კიდევ ცვლიან“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, დასკვნაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა, რომელიც მათთვის გადაგზავნილი ჯერაც არ არის.
„სამი-ოთხი მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანეს დოკუმენტში და საბოლოო ვერსია ჯერ კიდევ გამოგზავნილი არ აქვთ. შესაბამისად, ჩვენ კომისიის საქმიანობის დასკვნა მოვამზადეთ, რომელშიც კომისიის საქმიანობის ძირითადი შედეგებია მოცემული“, – განაცხადა თალაკვაძემ და აღნიშნა, რომ გამოძიების პროცესში კონკრეტული ხარვეზები გამოვლინდა, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მტკიცებულებების ხარისხზე.
მან კომუნიკაციის პრობლემაზეც მიუთითა, როგორც საზოგადოებასთან , ისე დაზარალებულ მხარესთან. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, საგამოძიებო კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა დასკვნაში წერია, რომ პოლიტიკური ან უწყებრივი ჩარევა მართლმსაჯულების წინააღმდეგ არ მომხდარა.
„ასევე დასკვნაში არის კონკრეტული, მკაცრი რეკომენდაციები, რომელთა შესრულებასაც ჩვენ ვითხოვთ, რათა აღმოიფხვრას გამოძიების შედეგად დადგენილი ხარვეზები“, – განაცხადა თალაკვაძემ.
დეპუტატის თქმით, საუბარია საგამოძიებო პროცესის დროს დაშვებულ ხარვეზებზე, რომელზეც ასევე გავლენა მოახდინა მოკლე დრომ, 40-დღიანმა ვადამ, რაც არასრულწლოვანთა საქმეზე გამოძიების შესახებ კანონმდებლობით არის დადგენილი.
„40 დღეში არაერთი საგამოძიებო მოქმედება განხორციელდა. თუმცა ჩვენ დავადგინეთ ისეთი მოქმედებები, რომელიც არ ჩატარებულა ან დაგვიანებით ჩატარდა. ვგმობთ იმ უპატივცემულო დამოკიდებულებას, სიცრუეს, რომელიც კომისიის წევრებმა გაავრცელეს თითქოს, ჩვენ ორი დღის განმავლობაში კომისიის საქმიანობას ბოიკოტს ვუცხადებდით“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
ის მიიჩნევს, რომ კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძემ ამისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კომისიის უმრავლესობის წევრები მზად არიან, დასკვნის შესახებ პლენარულ სხდომაზე დეტალურად იმსჯელონ.
„რაც შეეხება დასკვნის დეტალებს, ჩვენ სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ, მისი თითოეული დეტალი უკვე პლენარულ სხდომაზე განვიხილოთ და საბოლოო ვერსია კენჭისყრით მივიღოთ“, – განაცხადა თალაკვაძემ და აღნიშნა, რომ კომისიის წევრები საპარლამენტო უმრავლესობიდან ხელს მოაწერენ დასკვნას, რომელსაც პარლამენტი პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.