ანა მიქელაძე - ცესკო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შეისწავლის და დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, რეაგირებას მოახდენს 
ანა მიქელაძე - ცესკო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შეისწავლის და დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, რეაგირებას მოახდენს 

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს გავრცელებულ ჩანაწერში დაფიქსირებულ ფაქტს შეისწავლის, – ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გამართული პრესკონფერენციის შემდეგ მიიღო.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის აღნიშნულ ფაქტს და შედეგები ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის. ცესკო ყურადღებას მიაქცევს, რომ მსგავსი ფაქტებით ზოგადად საარჩევნო პროცესს ჩრდილი არ მიადგეს. იმ შემთხვევაში კი, თუ დარღვევა დაფიქსირდა, საარჩევნო ადმინისტრაციას შესაბამისი მკაცრი რეაგირება ექნება“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა დღეს პრესკონფერენციაზე ჩანაწერი წარადგინა, სადაც მისივე თქმით, ინკოგნიტო პირი კრწანისის რაიონის საოლქო და საუბნო კომისიების თავმჯდომარეებს ესაუბრება, რომლებიც ამბობენ, რომ კომისიაში დასასაქმებელ პირთა სიებს მმართველი პარტიის კრწანისის რაიონის კურატორისგან იღებენ.