თეა წულუკიანი - შენიშვნები აუცილებლად უნდა გაანალიზდეს, რათა მომავალი არჩევნები კიდევ უფრო მაღალი ხარისხით ჩატარდეს
ყველა ვთანხმდებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და სამართლიან გარემოში და, რომ კანდიდატებს შორის ძალიან დაძაბული კომუნიკაცია იყო, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებაზე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, პირველ ტურში უფრო მეტი კანდიდატი იყო, მეორე ტურისთვის ორი, მაგრამ ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორისაც იყო ძალიან დაძაბული კომუნიკაცია, რაც ძაბავდა ფონს არამხოლოდ კანდიდატებს შორის, არამედ მხარდამჭერებსა და შესაბამისი პარტიების აქტივს შორის.
„მომავალში ეს უნდა გავითვალისწინოთ. კარგი იქნება, თუ ყველა პარტია, მმართველი თუ ოპოზიციური, მეტი სერიოზულობით მოეკიდებიან უწყებათშორისი კომისიის რეკომენდაციებს. რეკომენდაციები ამ არჩევნებისთვის იყო სისტემატური და ალბათ, ექვსი წლის განმავლობაში პირველი არჩევნებია, როდესაც უწყებათშორის კომისიას უწევდა ერთი და იმავე რეკომენდაცია რამდენჯერმე გაემეორებინა, რადგან ზოგიერთი პარტიული აქტივისტი ზოგჯერ ოპოზიციის, ზოგჯერ მმართველი პარტიის, არ ითვალისწინებდა“, – განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, კომისია ყოველთვის მოუწოდებდა, რომ მიეცათ კანდიდატებისთვის მშვიდ გარემოში კონკურენციის შესაძლებლობა და ამ მხრივ, უწყებათშორისი კომისიის რეკომენდაციების დარღვევებს ჰქონდა ადგილი.
„მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო პერიოდის არც ერთი ბრალდება, მათ შორის საარჩევნო სიაზე, პირადობებზე, საარჩევნო ადმინისტრაციის თითქოსდა გადაცდომებზე, არ და ვერ დადასტურდა. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ იყო სხვა შენიშვნები, რომელიც აუცილებლად უნდა გაანალიზდეს, რათა მომავალი არჩევნები კიდევ უფრო მაღალი ხარისხით ჩატარდეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
კითხვაზე, ფარულობის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით საჭიროა თუ არა კანონის დახვეწა, იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ ცუდი არ იქნებოდა.
„ჩვენ ვიხილეთ ხანდახან გაუთვითცნობიერებულობა, როდესაც ადამიანებმა და მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა არც იცოდნენ, რომ ფარულობის პრინციპის დარღვევა არ შეიძლება, რომ შვილიშვილმა ბებიის ნაცვლად მისცეს ხმა და ა.შ. ამიტომ აღნიშნული ხარვეზები არის გასაანალიზებელი, რადგან თუ სადმე საკანონმდებლო ცვლილებებით უნდა გამოსწორდეს, ეს გამოსწორებული იყოს, თუ არის პრაქტიკის პრობლემა, მაშინ შესაბამის ოფიციალურ პირებს კვალიფიკაციის ან გადამზადების კურსები შევთავაზოთ, რათა ყველამ იცოდეს, რა წერია კანონში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელის განცხადებით, აშშ მოხარულია, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები დაუბრკოლებლად ჩატარდა, თუმცა, შეშფოთებულია მრავალრიცხოვანი დარღვევებით.