კომპანია „ზეარისი" არჩევნების მეორე ტურისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო კამპანიას იწყებს
კომპანია „ზეარისი” არჩევნების მეორე ტურისთვის რეგიონებში გასვლას, საზოგადოებასთან შეხვედრას გეგმავს. მათი მთავარი მიზანი იქნება, რომ „ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატმა არ გაიმარჯვოს არჩევნებში,-ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა და თანამშრომლებმა სპეციალური ბრიფინგზე განაცხადეს.
როგორც კომპანია „ზეარისის“ დამფუძნებელი გოჩა ფიფია აცხადებს, კომპანიის თანამშრომელთა დიდი ნაწილი, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან არის ჩამოსული, საქართველოს რეგიონებში გაიშლებიან და ახსნა-განმარტებით სამუშაოებს ჩაატარებენ, თუ რატომ არის დაუშვებელი ქვეყანაში იმ რეჟიმის დაბრუნება, რომელიც ქართველ ხალხს ფიზიკურ განადგურებას უქადის.
„ჩვენს კომპანიაში 100-მდე თანამშრომელი მუშაობს. ბევრი მათგანი ჩამოსულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. შევთანხმდით, რომ სიჩუმე და უმოქმედობა ჩვენი მხრიდან დანაშაულის ტოლფასი იქნება. დროებით დავკეტავთ ჩვენს ოფისებს. იმუშავებენ მხოლოდ მორიგე მენეჯერები. დანარჩენები კი, გავიშლებით თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში და არა მხოლოდ მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში, არამედ ვაწარმოებთ ახსნა-განმარტებით სამუშაოებსაც, რათა განვუმარტოთ ადამიანებს განსხვავებები დანაშაულსა და შეცდომას, ბოროტებასა და სიკეთეს, ნაცისტურ აზროვნებასა და დაუდევრობას, გამოუცდელობას შორის. მშვიდობასა და არასტაბილურობას შორის, თავისუფლებასა და მოჩვენებით თავისუფლებას, სინამდვილეშინ კი ავტორიტარიზმს შორის, განზრახ მკვლელობასა და გაუფრთხილებლობით მკვლელობას შორის, საბოტაჟსა და ეკონომიკურ განვითარებას შორის.
სამ დღეში ყველა ჩვენგანი ჩვენივე სახსრებით გავწევთ ამ სამუშაოებს, რათა არასდროს განმეორდეს საქართველოში ნაციზმი და რეჟიმი, რომელიც მოურიდებლად შეიძლება ითქვას ქართველ ხალხს ფიზიკურ განადგურებასაც კი უქადის“,-განაცხადა გოჩა ფიფიამ.
კომპანიის დამფუძნებელმა ხელისუფლებას მიმართა და განაცხადა, რომ ქართველი ხალხი, მათ შორის კომპანიის თანამშრომლები ორი წლის განმავლობაში მთელი გულისყურით დააკვირდებიან და ზედამხედველობას განახორციელებენ მათ საქმიანობაზე.