ლიზა იასკო - ვხედავ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ უმჯობესდება, მუდმივად იგრძნობა ციხე
უკრაინის რადას დეპუტატის, ლიზა იასკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებული არ არის. ამის შესახებ იასკომ გორის სამხედრო ჰისპიტლის დატოვების შემდეგ განაცხადა.
„ვხედავ, რომ არის ყურადღება ექიმების მხრიდან, თუმცა გარკვეული პროცედურები მაინც არ კეთდება. ჩვენ ზუსტად არ ვიცით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხედავ, რომ ის ძალიან კარგად არ გრძნობს თავს, მსუბუქად რომ ვთქვათ, მისი მდგომარეობა არ უმჯობესდება და ეს ძალიან ცუდია. ვხედავ, რომ მას აქვს ძალიან სტრესული სიტუაცია. მუდმივად იგრძნობა ციხე. დღეს ვიცი, რომ იყო შემთხვევა, როდესაც მან გადასცა წერილი ქალს, რომელსაც კოვიდის გამო ჯანმრთელობის ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს, თუმცა ეს წერილი წაართვეს. მან გადასცა წერილი მხარდამჭერი სიტყვებით, თუმცა ციხის დაცვამ სამწუხაროდ ამის საშუალება არ მისცა. ასევე, დღეს ჩვენი შეხვედრა რამდენჯერმე შეგვაწყვეტინეს და გვითხრეს, რომ უკვე საჭიროა გასვლა. სამწუხაროდ, გუშინ აქ ერთი დეპუტატი მთელი დღე ელოდა და როგორც ვიცი, არა მხოლოდ ის, სხვებიც ელოდებიან მიხეილთან მოხვედრას, თუმცა მათ არ უშვებენ და არ იძლევიან განმარტებებს, თუ რა წესებით უნდა შევიდნენ ეს ადამიანები. ამიტომ, გულწრფელად გითხრათ, მე არ მაქვს შეგრძნება, რომ ამ დღეებში რამე გაუმჯობესდა. ძალიან ვღელავ. არ ვიცით დიაგნოსტიკის ზუსტი მდგომარეობა ტრავმის შემდგომ სინდრომთან, სხვადასხვა სიმპტომებთან დაკავშირებით. მე ექიმი არ ვარ, თუმცა დარწმუნებული ვარ, საჭიროა უფრო მეტი. პირადად ჩემი აზრია, რომ ის, რა თქმა უნდა, უსაფრთხოდ უნდა იყოს და მე ვერ ვხედავ, რომ ამ პირობებში ის უსაფრთხოდ იმყოფება. მინდა აღვნიშნო მნიშვნელოვანი მომენტი, ის გააკეთებს განცხადებას, „ფეისბუქში“ გამოაქვეყნებს ინფორმაციას ბრძოლის შემდგომ პოლიტიკურ ნაბიჯებზე. ალბათ, საათის განმავლობაში“, – განაცხადა იასკომ.
კითხვაზე, რომელ ქვეყანას ისურვებდა მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის გასაგრძელებლად, იასკო აცხადებს, რომ ის უკრაინას ისურვებდა.
„მე, რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ეს ყოფილიყო უკრაინა, რადგან ის უკრაინის მოქალაქეა. თუმცა, ახლა მნიშვნელოვანია ბრძოლა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის ამბობს, რომ საჭიროა საქართველოში სიტუაციის შეცვლა. ის ყოველთვის ამას ამბობს. ყოველთვის არ აქცევს საკმარის ყურადღებას თავის ჯანმრთელობას, თუმცა ამისთვის არიან ახლობლები, ადვოკატები და სხვები, ვინც მას ნახულობენ, რომ ჩვენ ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორია მისი მდგომარეობა სინამდვილეში. მას ძალიან უნდა, რომ სასამართლოს წინაშე წარსდეგს, რომ ჰქონდეს საშუალება, თავისი სათქმელი თქვას, ჰქონდეს შესაძლებლობა ადამიანებთან შეხვედრის. მას ძალიან სურს ეს კონტაქტი. ვიმედოვნებ, რომ ეს ასე იქნება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება მისი უფლებების შელახვა. სხვა დანარჩენ ინფორმაციას თქვენ გაიგებთ მის „ფეისბუქში“ ერთი საათის განმავლობაში. განწყობა ისეთია, რომ რა თქმა უნდა საჭიროა სიმართლის დამტკიცება და ბრძოლა. ჩვენ ხომ გვესმის, რომ ყველა ეს საქმე არის პოლიტიკური დევნა. თუმცა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს კარგ მდგომარეობაში, უპირველეს ყოვლისა მისი ჯანმრთელობა, რომ ბრძოლა იყოს შესაძლებელი. თუმცა, სამწუხაროდ ვხედავთ, რომ ის პირობები, რომლებიც ახლა აქ შექმნილია, არ არის საკმარისი, რომ მან კარგად იგრძნოს თავი და აღდგენა შეძლოს. მე ამის გამო ძალიან ვდარდობ“, – განაცხადა იასკომ.