ლიზა იასკო - მიკვირს, როდესაც ექიმები ამბობენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, თავს სუსტად გრძნობს და ყოველდღიური ურთიერთობისას ვხვდები, რომ დასვენება სჭირდება
მიკვირს, როდესაც ექიმები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, სინამდვილეში ცუდად არის, სახე და სხეული შესიებული აქვს, აქვს კანთან დაკავშირებული პრობლემები, გამონაყარი, რომელიც ნერვულ ფონზეა გამოწვეული, – ამის შესახებ უკაინის რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილს დასვენება სჭირდება.
„მიკვირს, როდესაც ექიმები ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. ამ სამ დღეში ვნახე, რომ ის სინამდვილეში ცუდად არის, სახე და სხეული შესიებული აქვს, აქვს კანთან დაკავშირებული პრობლემები, გამონაყარი, რომელიც ნერვულ ფონზეა გამოწვეული. ექიმი არ ვარ და ამ ყველაფერზე კომენტარის გაკეთება არ შემიძლია, მაგრამ ვხედავ მის სახეზე, რომ ყველაფერი რიგზე არაა. აქვს მხედველობის პრობლემები, ძალიან დაეცა ჰემოგლობინის დონე, თავს სუსტად გრძნობს და ყოველდღიური ურთიერთობისას ვხვდები, რომ მას ესაჭიროება დასვენება.
დგება საწოლიდან, მაგრამ იქ ძალიან მცირე ადგილია, რომ რაიმე გადაადგილებაზე ვისაუბროთ. ვფიქრობ, საჭიროა სამედიცინო მონაცემებისთვის სერიოზული ყურადღების მიქცევა და კონსილიუმის მოსმენა. ვერ ვხვდები, რატომ ამბობენ, რომ არის პროგრესი. ამ დღეების განმავლობაში, პროგრესი მის ჯამრთელობასთან დაკავშირებით ვერ დავინახე. წინა კვირასთან შედარებით, პროგრესი არის, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემები გრძელდება და ჩნდება ახალი სიმპტომები, რაც ჩემს შეშფოთებას იწვევს“, – განაცხადა ლიზა იასკომ.
კითხვაზე, რომ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს გორის ჰოსპიტლიდან სააკაშვილის გადაყვანას, ლიზა იასკოს განცხადებით, მისი გადაყვანა არ შეიძლება, რადგან ჯერ კიდევ სუსტად არის და მიმდინარეობს ჯანმრთელობის მონიტორინგი და მკურნალობა.
„ეს ძალიან სახიფათო ინფორმაციაა, რომელიც ვრცელდება, ჩემამდეც მოაღწია, რომ სურთ მისი გადაყვანა და თუ ეს ასე მოხდება, ეს იქნება ნამდვილი მკვლელობა, რადგან ყველა კანონის მიხედვით, შიმშილობის შემდეგ, მაგალითად, თუ ადამიანმა იშიმშილა 50 დღე, მისი რეაბილიტაციისთვის საჭიროა ორჯერ მეტი დღე, ხოლო ჩვენ შემთხვევაში, მხოლოდ ორი კვირა გავიდა. არც ერთ შემთხვევაში, გადაყვანაზე საუბარიც კი არ შეიძლება, რადგან ის ძალიან სუსტად არის და მიმდინარეობს მისი ჯანმრთელობის მონიტორინგი და მკურნალობა. სიმპტომებზე ვთქვი, რომ ძალიან შეშფოთებული ვარ და ის არ გამოიყურება ჯანმრთელად“, – განაცხადა იასკომ.
კითხვაზე, რას ამბობს მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით, უკრაინის რადას დეპუტატმა განაცხადა, რომ ის იბრძოლებს საქართველოს შეცვლისთვის და ცვლილებები მალე იქნება.
„ამბობს, რომ იბრძოლებს საქართველოს შეცვლისთვის და ეს ცვლილებები მალე იქნება. გავიმეორებ მის სიტყვებს, რომ მოსახლეობა უნდა იყოს აქტიური და არ დანებდნენ, რადგან საახალწლო დღესასწაულები ახლოვდება და ხალხის აქტივობა იკლებს. თუმცა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბევრი პროტესტი მიმდინარეობს და ბევრს იჭერენ, რაც ძალიან საშიშია, მაგრამ საჭიროა ბრძოლა სამართლიანობისთვის და ცვლილებებისთვის“, – განაცხადა ლიზა იასკომ.