ლიზ ტრასის გადაწყვეტილებით, ოქტომბრიდან ბრიტანეთის მოქალაქეები ორი წლის განმავლობაში ელექტროენერგიაში 2,500 გირვანქა სტერლინგზე მეტს არ გადაიხდიან
დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ოქტომბრიდან ბრიტანეთის მოქალაქეები ორი წლის განმავლობაში ელექტროენერგიაში 2,500 გირვანქა სტერლინგზე მეტს არ გადაიხდიან. ამის შესახებ ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.
ეს არის პირველი პოლიტიკური განცხადება, რომელიც ლიზ ტრასმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ელექტროენერგიის გადასახადის ოდენობის ზედა ზღვარის დაწესებით, ოჯახები დიდი ბრიტანეთში წელიწადში საშუალოდ 1000 გირვანქა სტერლინგს დაზოგავენ.
„დროა, გაბედულები ვიყოთ. ჩვენ გლობალური ენერგეტიკული კრიზისის წინაშე ვართ და უფასო ვარიანტები არ არსებობს“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტში მიიჩნევენ, რომ ინფლაციის შეკავება და მისი ხუთპროცენტიან ნიშნულზე შენარჩუნება მოხდება კანონით, რომელიც ბაზირებულია ოჯახებისთვის 400 გირვანქა სტერლინგის გადახდაზე.
საწარმოების, სკოლების და საავადმყოფოების მხარდაჭერის ექვსთვიანი სქემა უზრუნველყოფს ეკვივალენტურ მხარდაჭერას ზამთრის განმავლობაში.