“ლივერპულმა” 2:4 წააგო ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი ნახევარფინალი “რომასთან“, მაგრამ ორი მატჩის ჯამში 7:6 გაიმარჯვა და 26 მაისს, მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ ფინალში ითამაშებს.
რაზე წერდა ევროპული პრესა რომაული მატჩის შემდეგ
Mirror (ინგლისი) – კლოპის გუნდმა დაიმსახურა ფინალი
“მატჩის წინ, ამის შესახებ ყველა ლაპარაკობდა, ტაქსისტიც კი, რომელსაც მანქანის მინაზე “რომას” ყელსახვევი ჰქონდა მიმაგრებული. საუბრისას მან მძიმედ ამოიოხრა: “ვფიქრობ, “რომამ” არ იცის, როგორ გააჩეროს “ლივერპულის” შეტევა”. მთელი მსოფლიო მართალი იყო. დიახ, რომაელებს ამ ჩემპიონთა ლიგაზე არ ჰქონდათ გოლი გაშვებული საკუთარ მოედანზე, მაგრამ ინგლისურმა კლუბმა შეწყვიტა მათი სერია.
არანაირი ეჭვი არ არის იმაში, რომ კლოპის გუნდი იმსახურებს ფინალში თამაშს და შთამბეჭდავი თამაში და “ლივერპულის” შედეგები აქცევს ამ გუნდს ფავორიტად არადამაჯერებელ “რეალთან” მატჩში, მიუხედავად მადრიდელთა ცოდნისა და გამოცდილებისა”.
La Gazzetta dello sport (იტალია) – უეფა-მ უნდა დააჩქაროს VAR-ის შემოღება
“მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებებმა ხელი შეუშალეს “რომას”. პირველ ტაიმში შიკსა და ლოვრენს შორის მცირე კონფლიქტი აპატიეს ხორვატს. მეორე ტაიმის დასაწყისში კარიუსს დასჯიდნენ ჯეკოს წინააღმდეგ ჯარიმისთვის, მაგრამ მანამდე მსაჯმა საეჭვო თამაშგარე დააფიქსირა. ამის შემდეგ, “რომამ” მაინც გაიტანა და შეიძლება გადაერჩინა კიდეც თავი 2:5-დან, დამირ სკომინას პენალტი რომ დაენიშნა ალექსანდრ-არნოლიდის მხრიდან აშკარა ხელით თამაშის გამო. მაგრამ, აქაც არაფერი. ეს უსიამოვნოა, მით უმეტეს, “ლივერპულის” არც ისე კარგი დაცვის გათვალისწინებით. “იუვენტუსისა” და “რეალის”, აგრეთვე, “ბარსელონასა” და “რომას” მეოთხედფინალებშიც იყო რამდენიმე ეპიზოდი, რომლებშიც მსაჯებმა ესპანური კლუბების მხარე დაიჭირეს. შესაძლოა, უეფამ უნდა დააჩქაროს VAR-ის შემოღება ჩემპიონთა ლიგაზე”.
Marca (ესპანეთი) – თუ “ლივერპული” ასე დაიცავს თავს კიევში…
“რეალის” ბოლო წინაღობა მე-13 ჩემპიონთა თასისკენ მიმავალ გზაზე “ლივერპული” იქნება. ევროპაში საუკეთესო შემტევი ტრიო, კლოპი, ევროპის ხუთგზის ჩემპიონები, “რეალის” ბოლო ჯალათი ჩემპიონთა თასის 1980-81 წლების სეზონის ფინალში…
“ენფილდზე” იმედოვნებენ, რომ “რეალმა” ერთხელ უნდა წააგოს ფინალი, მაგრამ უმჯობესია, მათ დაცვაზე იფიქრონ. რომში “ლივერპულის” დაცვა კატასტროფა იყო. სამაგიეროდ, “წითლებს” გიჟური შეტევა აქვთ. მანემ, სალაჰმა და რობერტო ფირმინომ 29 გოლი გაიტანეს ამ ჩემპიონთა ლიგაზე. მათ BBC-ს გაუსწრეს (2013-14 წლების სეზონში, 28 გოლი ჰქონდათ ბენზემას, ბეილსა და კრიშტიანუ რონალდუს)”.
Daily Mail (ინგლისი) – საუკეთესო დაცვა – თავდასხმაა, “ლივერპულის” შემთხვევაში ეს ჭეშმარიტებაა
„მათ ხშირად ეხმარებოდათ ფორტუნა. უფრო მეტიც, შეიძლებოდა მეკარე გაძევების გამო დაეკარგათ, კიდევ ორი გოლი გაეშვათ პენალტიდან. შესაძლებელი იყო, კიდევ ერთი ისტორიული ქამბექი, მაგრამ “ლივერპული” ითამაშებს “რეალის” წინააღმდეგ კიევში, რადგან ყველაფერი სწორად გააკეთა.
“წითლებმა” იცოდნენ , რა გამოსდით ყველაზე კარგად მოედანზე და რა უნდა გაეკეთებინათ. ისინი არ ჩასულან რომში 5:2-ის დასაცავად, არადა შეეძლოთ ამის გაკეთება. ისინი შესატევად ჩავიდნენ, რადგან საუკეთესო დაცვა შეტევაა. “ლივერპულის” შემთხვევაში ეს სრული ჭეშმარიტებაა. ეს გუნდი ამ ჩემპიონთა ლიგაზე არასოდეს ყოფილა მდევრის როლში რომაული მატჩის 86-ე წუთამდე, მაგრამ “რომასთვის” უკვე ძალიან დაგვიანებული იყო”.