ლიუდას მაჟილისი - საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისგან პოზიტიური სიგნალები, ევროპული პერსპექტივის მინიჭება არ არის საკმარისი პოზიტიური გზავნილისთვის
მინდა, გავიმეორო იგივე, რაც უკვე მითქვამს ამ პარლამენტში – ევროკავშირი დაიღალა გაფართოების პოლიტიკის არქონით. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება. საჯარო გამოკითხვების მიხედვით, საქართველოს მოსახლოების 75 პროცენტს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ლიუდას მაჟილისმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატების დროს განაცხადა.
ევროპარლამენტარის განცხადებით, 2016 წლის შემდეგ საქართველო ატარებს ეკონომიკურ, ადამიანის უფლებების და ანტიკორუფციულ რეფორმებს, რაც გათვალისწინებულია ასოცირების ხელშეკრულებით, ქვეყანა ლიდერი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
„როდესაც უკრაინაში რუსეთის ომი დაიწყო, მარტის თვეში საქართველომ განაცხადი შეიტანა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მაგრამ ამის შედეგი მხოლოდ ევროპული პერსპექტივა იყო, რომელსაც საქართველოს ივნისში დაჰპირდნენ. ეს არ არის საკმარისი პოზიტიური გზავნილისთვის. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისგან პოზიტიური სიგნალები. ჩვენ უფრო მეტი პოზიტიური და ნათელი გზავნილები უნდა გავაგზავნოთ. ასევე, მხარს ვუჭერ კოლეგებს პრეზიდენ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ლიუდას მაჟილისმა.