სექსუალური სკანდალის გამო, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია 2018 წელს არ გაიცემა
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია 2018 წელს არ გაიცემა. ამის შესახებ შვედეთის აკადემიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება სექსუალური სკანდალების გამო იქნა მიღებული.
შვედეთის აკადემია სკანდალის გამო რამდენიმე წევრმა დატოვა. განცხადების თანახმად, სკანდალებმა პრემიის მიმართ საზოგადოებრივი ნდობა შეამცირა.
შვედეთის აკადემიის ირგვლივ სექსუალური სკანდალი გასული წლის ნოემბერში აგორდა, როდესაც ფოტოგრაფი ჟან-კლოდ არნო 18-მა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ფოტოგრაფი შვედეთის აკადემიის დაფინანსებით, კულტურულ პროექტს ახორციელბდა. ჟან-კლოდ არნო კომიტეტის წევრის, პოეტისა და მწერლის, კატარინა ფროსტენსონის მეუღლეა.
მსოფლიო ომის გარდა, როცა ნობელის პრემია 6 წლის განმავლობაში არ გაიცემოდა, აკადემიის ისტორიაში იყო მხოლოდ ერთი წელი, როდესაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია არავის მიუღია. 1935 წელს აკადემიამ ღირსეული კანდიდატი ვერ შეარჩია.