„ლისი ვანდერლენდის“ მიმდებარედ „პრაიდის“ ფესტივალის მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა [ფოტო/ვიდეო]

„ლისი ვანდერლენდის“ მიმართულებით მსვლელობის დროს დაპირისპირება მოხდა. მსვლელობის მონაწილეეები იმ ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდნენ, სადაც „პრაიდის“ ფესტივალი უნდა გაიმართოს. აღნიშნულის საშუალება მათ ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა არ მისცეს. აქციის რამდენიმე მონაწილე პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა.

„ლისი ვანდერლენდის“ მიმართულებით „პრაიდის“ ფესტივალის მოწინააღმდეგეები მსვლელობით მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველადან“ დაიძრნენ.

„თბილისი პრაიდმა“ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ არავითარი ქუჩის მსვლელობა არ ტარდება, ხოლო ფესტივალი კერძო, დახურულ ტერიტორიაზე დარეგისტრირებული სტუმრებისთვის იმართება და მას აქვს საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური ხასიათი.

ამასთან, 8 ივლისს დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

უწყებაში აღნიშნეს, რომ 8 ივლისს კონკრეტულ ლოკაციაზე, შემოსაზღვრულ ადგილას დაგეგმილი დახურული ღონისძიების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, სამინისტროს წარმომადგენლები კომუნიკაციაში არიან შეკრების ორგანიზატორებთან. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოს ღონისძიების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, აგრეთვე, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოუწოდებენ კონტრაქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ფარგლებს.