„ლისი ვანდერლენდის“ მიმდებარე ტერიტორია, სადაც „პრაიდის“ ფესტივალი იყო დაანონსებული, აქციის მონაწილეებმა დაიკავეს
„ლისი ვანდერლენდის“ მიმდებარე ტერიტორია, სადაც „პრაიდის“ ფესტივალი იყო დაანონსებული, აქციის მონაწილეებმა დაიკავეს

„ლისი ვანდერლენდის“ მიმდებარე ტერიტორია, სადაც „პრაიდის“ ფესტივალის გამართვა იყო დაანონსებული, დაიკავეს აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ღონისძიების გამართვას აპროტესტებენ.

როგორც საქართველოს პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, აქციის მონაწილეებმა გაარღვიეს პოლიციის კორდონი. პოლიცია დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ახერხებდა, შეეკავებინა აქციის მონაწილეები, რომლებიც ცდილობდნენ, შესულიყვნენ შიდა სივრცეში. იყო შეხლა-შემოხლის ცალკეული შემთხვევები. სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი ტერიტორიიდან გაიყვანეს.

პირველი არხის კორესპონდენტის ცნობით, ამ წუთებში სამართალდამცველთა დიდი ნაწილი მობილიზებულია მთავარ შესასვლელთან, ისინი ამ დრომდე არ აძლევენ აქციის მონაწილეეებს საშუალებას, შევიდნენ შიდა სივრცეში, უშუალოდ იმ ადგილზე, სადაც „თბილისი პრაიდის“ ფესტივალის ინფრასტრუქტურაა განთავსებული და დილიდან მიმდინარეობდა სამზადისი.

აღსანიშნავია, რომ „თბილისი პრაიდმა“ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ფესტივალის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვება მოუწიათ. განცხადებაში არაფერია ნათქვამი, ფესტივალი არ ჩატარდება თუ სხვა ტერიტორიაზე გაიმართება.