ლიონელ მესი - არ მგონია, მწვრთნელი გავხდე 
ლიონელ მესი - არ მგონია, მწვრთნელი გავხდე 

„ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ ჯერ არ მიუღწევია თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისთვის. არგენტინელმა აღნიშნა, რომ ოჯახის წრეში ძალიან იშვიათად ლაპარაკობენ ფეხბურთზე.

“მე კიდევ მაქვს სამუშაო, ჯერ არ მიმიღწევია მაქსიმალური დონისთვის. მაგალითად, უნდა გავაუმჯობესო პენალტის შესრულება.

ვცხოვრობ ჩვეულებრივი, ოჯახური ცხოვრებით. ხანდახან მინდება ბავშვებთან ერთად ისე გასეირნება, რომ ყოველ ნაბიჯზე არ გამაჩერონ. მამობა დაუჯერებელი გრძნობაა, რომელმაც ყოველმხრივ შემცვალა. ზოგიერთ რამეს უკვე სრულიად სხვანაირად ვუყურებ. მამის როლი საუკეთესოა, რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა. ამის სიტყვებით გადმოცემა რთულია.

სახლში იშვიათად ვლაპარაკობთ ფეხბურთზე. „ბარსელონაში“ ან ნაკრებში რაღაც განსაკუთრებული უნდა მოხდეს, რომ ჩვენ ეს სადილზე განვიხილოთ.

სამწვრთნელო კარიერა? არ მგონია, რომ მწვრთნელი გავხდე. თუმცა, ვინ იცის… ოდესღაც, შესაძლოა, გადავიფიქრო“, – ამბობს მესი.