ლინკოლნ მიტჩელი - გამიკვირდება, თუ კომპრომისის სანაცვლოდ ნატო-ს წევრობაზე თანხმობის იდეას თბილისიდან მხარდაჭერა ექნება
„გამიკვირდება, თუ ამ იდეას მხარდაჭერა ექნება თბილისიდან“, – ასე ეხმაურება ევრაზიის დემოკრატიული უსაფრთხოების ქსელის წევრი, ამერიკელი ექსპერტი ლინკოლნ მიტჩელი Heritage Foundation-ის პუბლიკაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ოფიციალური პირები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ მოხარულები იქნებიან, ნატო-ს წევრობას კომპრომისის საფუძველზე დათანხმდნენ.
ევრაზიის დემოკრატიული უსაფრთხოების ქსელის წევრის, ამერიკელი ექსპერტის ლინკოლნ მიტჩელის განცხადებით, იდეა იმის შესახებ, რომ საქართველო ნატოს წევრი შეიძლება კომპრომისის საფუძველზე გახდეს, ახალი არ არის, თუმცა არაპოპულარულია.
მისი თქმით აშშ-ს კონგრესში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, შესაბამისად, როგორც მიტჩელი ამბობს, ამ იდეას ბევრი მხარდამჭერი არც კონგრესში ეყოლება.
„იდეა იმის შესახებ, რომ საქართველო საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობას რამენაირად გაცვლის ნატოს წევრობაში, ათწლეულების განმავლობაში ისევ და ისევ მესმის და ძალიან ცოტა ვნახე მინიშნება იმაზე, რომ საქართველოს ამჟამინდელი ან წინა ხელისუფლება დაინტერესებული ყოფილიყო მსგავსი იდეით. ერთი მხრივ, მე არ მივიღებდი ამ იდეას ზედმეტად სერიოზულად, მეორე მხრივ, ძალიან რთულია იმის ცოდნა, ვინ ვის ესაუბრება ვაშინგტონში საგარეო პოლიტიკაზე. იცით, რომ სტრუქტურები ისე ვეღარ მუშაობენ, როგორც ბოლო 50 წლის განმავლობაში, ახლა ყველაფერი შეცვლილია, ამიტომ დასაშვებია, რომ ვინმე წაიჩურჩულებს ამ ინფორმაციას თეთრ სახლში.
გარდა ამისა, ვერ ვხედავ, რომ ეს იდეა პოპულარული გახდება კონგრესში, სადაც ორივე პარტიის წევრები რამდენიმე წელია იმეორებენ აშშ-ს პოზიციას, რომ აფხაზეთი და ოსეთი საქართველოს ნაწილია. ძალიან გაკვირვებული დავრჩები, თუ ამ იდეას მხარდაჭერა ექნება თბილისიდან” -აღნიშნავს ლინკოლნ მიტჩელი “მოამბესთან“ საუბრისას.
ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის, Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ოფიციალური პირები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ მოხარულები იქნებიან, ნატო-ს წევრობას კომპრომისის საფუძველზე დათანხმდნენ.