ლინდსი გრემი - ტრამპის პოლიტიკა ამერიკისთვის კარგია და დებატები პოლიტიკის შესახებ თუ ჩატარდება, გაიმარჯვებს, როგორც პროვოკატორმა და შოუმენმა კი, შესაძლოა, ვერ მოიგოს არჩევნები
დონალდ ტრამპის პოლიტიკა ამერიკისთვის კარგია და დებატები პოლიტიკის შესახებ თუ ჩატარდება, გაიმარჯვებს. როგორც პროვოკატორმა და შოუმენმა კი, შესაძლოა, ვერ მოიგოს არჩევნები, – ამის შესახებ რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტმა გრემს დაუსვა შეკითხვა, უნდა განაგრძოს თუ არა ტრამპმა პირადი თავდასხმა თავის ოპონენტ კამალა ჰარისზე საარჩევნო კამპანიის დროს?
„პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია მოიგოს ეს არჩევნები. მისი პოლიტიკა ამერიკისთვის კარგია და თუ დებატები პოლიტიკის შესახებ ჩატარდება, ის გაიმარჯვებს. დონალდ ტრამპმა – პროვოკატორმა, შოუმენმა – შესაძლოა, ვერ მოიგოს ამ არჩევნებში“, – აღნიშნა გრემმა.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ „რადიკალი, გიჟი სოციალისტი კამალა ჰარისი უფრო ადვილი დასამარცხებელია, ვიდრე ჯო ბაიდენი“. რესპუბლიკური პარტიის წევრებმა ტრამპს ურჩიეს, უფრო მეტად გაემახვილებინა ყურადღება პოლიტიკურ უთანხმოებებზე და ნაკლებად გადასულიყო პირად შეურაცხყოფაზე.