ლინდა თომას-გრინფილდი უკრაინის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს
ლინდა თომას-გრინფილდი უკრაინის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს

უკრაინის საზღვართან შექმნილი ვითარების განსახილველად, აშშ-ის ელჩი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს. ამის შესახებ ნათქვამია გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის, ლინდა თომას-გრინფილდის განცხადებაში. უშიშროების საბჭოს სხდომა 31 იანვარს გაიმართება.

„უკრაინასთან და უშიშროების საბჭოში პარტნიორებთან მჭიდრო კონსულტაციების კვირების შემდეგ, აშშ იწვევს უშიშროების საბჭოს ღია შეხვედრას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხის განსახილველად: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საფრთხის შემცველი ქმედებებისა და უკრაინისა და ბელარუსის საზღვრებზე რუსეთის ჯარების მობილიზების“, – აღნიშნულია ელჩის განცხადებაში.

ამერიკელი დიპლომატი აღნიშნავს, რომ რუსეთს უკრაინის საზღვართან მობილიზებული ჰყავს 100 ათასზე მეტი სამხედრო და იგი ჩართულია სხვა დესტაბილიზაციურ ქმედებებში უკრაინის წინააღმდეგ, რაც აშკარა საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობას და უსაფრთხოებას.

„უშიშროების საბჭოს წევრებმა გულდასმით უნდა შეისწავლონ ფაქტები და განიხილონ, თუ რა დევს სასწორზე უკრაინისთვის, რუსეთისთვის, ევროპისთვის, და ასევე, საერთაშორისო წესრიგის ძირითადი ვალდებულებებისა და პრინციპებისთვის, თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში“, – აღნიშნულია ლინდა თომას-გრინფილდის განცხადებაში.

ლინდა თომას-გრინფილდის თქმით, გაერო-ს უშიშროების საბჭო არის გადამწყვეტი ადგილი დიპლომატიისთვის.

„არ არის მოცდისა და ყურების დრო. ახლა საჭიროა საბჭოს სრული ყურადღება. ველოდებით პირდაპირ და მიზანმიმართულ დისკუსიას ორშაბათს“, – აღნიშნავს ამერიკელი დიპლომატი.