ლინას ლინკევიჩუსი - ვაღიარებთ, რომ საქართველო სულ უფრო უახლოვდება ნატო-ს
საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი ნატო-ს მომავალი წევრობისთვის მოსამზადებლად, – ამის შესახებ პირველ არხს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მომავალ წევრობაზე ნატო-ს ლიდერები შეთანხმებული არიან, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას სჭირდება პოლიტიკური კონსენსუსი.
„გვაქვს ნატო- საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა, არსებითი პაკეტი და ასპირანტის სტატუსი. ჩვენ ვაღიარებთ, რომ საქართველო სულ უფრო და უფრო უახლოვდება ნატო-ს, იზრდება თავსებადობა ნატო-სთან და ეს არის წინსვლა. საქართველო მარტო არაა ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. საქართველოს რეფორმების გატარებაში ნატოელი პარტნიორები მხარდაჭერას უცხადებენ. ნატო პროცესს კი არ აკვირდება, არამედ ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული და საქართველოს გვერდით დგას. ნატო-ში მინისტერიალზე ყველა მინისტრმა აღვნიშნეთ საქართველოს პროგრესი. იყო მეგობრული გარემო და ყველას გვქონდა პოზიტიური განწყობა. აღინიშნა, რომ საქართველომ რეფორმების გზა უნდა გააგრძელოს და ნატო ასპირანტი ქვეყნის მხარდაჭერას განაგრძობს. საქართველო რეგიონში ლიდერია. ლიდერია დემოკრატიის კუთხით და არამარტო ევროინტეგრაციის მიმართულებით, არამედ სხვა ასპექტების გამოც“, – განაცხადა ლინას ლინას ლინკევიჩუსმა.