ლინას ლინკევიჩუსი - ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტი რადიკალური ნაბიჯი და გადამეტებული რეაქციაა
ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტი რადიკალური ნაბიჯი და გადამეტებული რეაქციაა, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საერთო ჯამში სტანდარტების დაცვით ჩატარდა, თუმცა იყო ხარვეზებიც, რომელთა გამოსწორება აუცილებელია.
„დასავლეთი საქართველოში ჩატარებული არჩევნების შეფასებაში მეტ-ნაკლებად ერთიანია. ჩვენ ვაცხადებთ, რომ საერთო ჯამში არჩევნები ჩატარდა წესების და სტანდარტების დაცვით, თუმცა ჩვენც და სხვებმაც აღვნიშნეთ, რომ იყო ზოგიერთი ხარვეზი, რომლის გამოსწორებაც აუცილებელია. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ აუცილებელია ოპოზიციასთან ნორმალური და ღირსეული საუბარი, რაც, სამწუხაროდ, მუდამ პრობლემურია საქართველოში. თუმცა საერთო ჯამში, ჩვენ ვერ უარვყოფთ ამ არჩევნებს და ვერ ვიტყვით, რომ ის არასწორად ჩატარდა, ეს აუცილებელად უნდა აღინიშნოს. ახლა მნიშვნელოვანია წინსვლა და პრობლემების გამოსწორება. ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან ახლა დასავლეთთან ინტეგრაციისა და რეფორმების გზაზე გადამწყვეტი პერიოდია. ამიტომ მნიშვნელოვანია მდგრადობის შენარჩუნება და წინ წაწევა. საერთო ჯამში, საქართველოში ჩატარებული არჩევნების შეფასება მეტ-ნაკლებად ერთგვაროვანია. ლიეტუვა გამონაკლისი არ არის“, – განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.
ამასთან, ლინკევიჩუსი მიიჩნევს, რომ პარლამენტის ბოიკოტი ოპოზიციის მხრიდან რადიკალური ნაბიჯი და გადამეტებული რეაქციაა.
„ცხადია, ჩვენ ვერ ვეტყვით ოპოზიციას, რა უნდა გააკეთონ, მაგრამ პარლამენტის ბოიკოტი ნამდვილად რადიკალური ნაბიჯია. ამ სიტუაციაში ეს ზედმეტია. ვხვდებით, რომ არის უკმაყოფილება, უთანხმოება, თუნდაც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიტიკური კონფლიქტი გრძელდება, მაგრამ ზომები უნდა იყოს ადეკვატური და ჩვენ პარლამენტის ბოიკოტს არ ვურჩევდით. მთლიანობაში, ეს ძირს გამოუთხრის პროცესს. ჩემი აზრით, ეს ნაბიჯი ოპოზიციის მხრიდან არის გადამეტებული რეაქცია“, – აღნიშნა ლინკევიჩუსმა.
ინტერვიუს სრული ვერსიის მოსმენა შეგიძლიათ 29 ნოემბერს, „საქართველოს რადიოს“ ეთერში ლევან ახალაიას საავტორო გადაცემაში „მსოფლიოს ამბები“.