ლინას ლინკევიჩუსი - მნიშვნელოვანია, რეალობას ზუსტი სახელი დავარქვათ, საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ
აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ, არაფერი შეცვლილა, მილიტარიზაცია გრძელდება, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ბორდერიზაცია ამ დროისთვის შეიძლება, შეჩერდა, მაგრამ, ლინკევიჩუსის აზრით, ესეც ტესტს ჰგავს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რეალობას ზუსტი სახელი დავარქვათ, ჩვენ ვამბობთ იმას, რაც არის, საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.
რაც შეეხება რუსეთთან დიალოგს, ეს საკითხი განიხილება ნატო-შიც. ჩვენ ღიად ვამბობთ, რომ ამის მომხრე არ ვართ, მაგრამ თუ ალიანსის წევრებს სურთ რუსეთთან დიალოგი ჰქონდეთ, მაშინ გვქონდეს. ჩვენ ყოველთვის ვიმეორებთ, რომ არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ეს პრობლემას გადაწყვეტს, ვინაიდან ჩვენ სხვადასხვა მიზანი გვაქვს. ხანდახან თუ დიალოგს არსად მივყავართ, მაშინ ქმნის ილუზიას, რომ რაღაც ხდება, მძიმე სიტუაციაა, მაგრამ საუბარი მიდის. ასეთი ტიპის დიალოგი არ არის რაციონალური. მაგალითად, პერიოდულად იკრიბება ნატო-რუსეთის საბჭო. შეხვედრის შემდეგ რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ ეს არ იყო დიალოგი, არამედ ეს იყო ორი მონოლოგი.
თუ არ იქნება პრობლემის გადაჭრის ნება, მაშინ ეს დიალოგი ვერსად მიგვიყვანს. გვექნება დღეში ორი, სამი დიალოგი. ვერაფერს მივიღებთ, თუ დაპირებაც კი არ არის იმის, რომ რამე შეიცვლება, ეს პროცესს არ დაეხმარება. ვითარება შეიცვლება თუ გვექნება ერთიანი, მკაფიო და მკაცრი პოზიცია. ხანდახან ეს პოზიცია ძალიან სუსტია, ხანდახან ძალიან დაგვიანებული“, – განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.
მისი თქმით, ყირიმის ანექსიის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებია დაწესებული. როგორც ლინკევიჩუსმა აღნიშნა, 10 წლის წინ საქართველოშიც იგივე მოხდა, მაგრამ სანქციების დასაწესებლად არ იყო საკმარისი ნება.
„ეს იყო ძალიან კარგი მაგალითი ევროკავშირის დაგვიანებული პოზიციის, ვინაიდან არაფერი შეიცვალა. ეს იყო შეცდომა, მაგრამ მას შემდეგ ქვეყნებმა გამოცდილება მიიღეს. არა საქართველოსა და უკრაინის გამო, არამედ MH17-ის გამო ჰოლანდიაში, სოლსბერის შემთხვევით დიდ ბრიტანეთში, საპრეზიდენტო არჩევნებით საფრანგეთში და კიდევ უამრავი ასპექტი იყო.
ჩვენ უფრო მეტი ცოდნა მივიღეთ. ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც ადრე ნეიტრალური ან მოქნილი იყო, ახლა ასე აღარ არის. ეს შეიცვალა. ჩვენთვის კარგი არგუმენტია იმის შესახსენებლად, რომ სანამ რამე მოხდება, უნდა ვიმოქმედოთ. ეს უფრო ჭკვიანური იქნება“, – განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.