ლილარდის 50 ქულა - „პორტლენდმა“ „ნიუ ორლეანსი“ დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
დემიენ ლილარდი განაგრძობს ბრწყინვალე თამაშს. „პორტლენდის“ გამთამაშებელი გუნდისთვის საჭირო რთულ პერიოდში ფენომენალურად გამოიყურება. „ბლეიზერსმა“ საკუთარ არენაზე დღეს „ნიუ ორლეანს“ უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე 125:124 დაამარცხა.
პირველი ტაიმის შემდეგ „პელიკანსი“ 14 ქულით ლიდერობდა. თამაშის სურათი არც მესამე მეოთხედში შეიცვალა. გადამწყვეტი 12-წუთიანი მონაკვეთის წინ „ნიუ ორლეანსი“ 13 ქულას იგებდა, თუმცა საგრძნობი უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო. ბოლო მეოთხედი „პორტლენდმა“ 43:29 მოიგო და საბოლოოდ, მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა. გადამწყვეტი ქულები დემიენ ლილარდმა საჯარიმო ხაზიდან დააგროვა. ზაკ უილიამსონს საფინალო სირენასთან ერთად თამაშის მოგება შეეძლო, თუმცა მისი ტყორცნა ზუსტი არ გამოდგა.
ლილარდმა 50 ქულა, 10 პასი და 6 მოხსნა დააგროვა და მთავარი როლი შეასრულა საკუთარი გუნდის გამარჯვებაში. სტუმართა შორის 30 ქულა მიითვალა ბრენდონ ინგრამმა. 11 ქულითა და 17 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა ლონზო ბოლმა. 28 ქულა იყო ზაიონ უილიამსონის ანგარიშზე.
„პორტლენდი“ 23 მოგებითა და 16 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 მე-6 ადგილებს „დენვერთან“ ინაწილებს. „ნიუ ორლეანსს“ 17 მოგება და 23 მარცხი აქვს და ჯერჯერობით, საპლეიოფო ზონის მიღმა, მე-11 ადგილზე იმყოფება.
ბოსტონი – იუტა 109:117
მაიამი – კლივლენდი 113:98
ფილადელფია – ნიუ იორკი 99:96
ჩიკაგო – ოკლაჰომა 123:102
ჰიუსტონი – ატლანტა 107:119
ლეიკერსი – მინესოტა 137:121