ლიკა ქარდავა - უძრავი ქონების სექტორში რეგულაციების ნეგატიურ ეფექტზე საუბარი ნაადრევია
ლიკა ქარდავა - უძრავი ქონების სექტორში რეგულაციების ნეგატიურ ეფექტზე საუბარი ნაადრევია

უძრავი ქონების ბაზარზე საბანკო და სამშენებლო რეგულაციების უარყოფით გავლენაზე საუბრი ნაადრევია, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში, რეგულაციების შედეგად დედაქალაქის ქაოტური განვითარება შესაძლოა სისტემურმა განვითარებამ შეცვალოს, – ამის შესახებ უძრავი ქონების პორტალის „ფროფერთი ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა ლიკა ქარდავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.

ქარდავას განცხადებით, 2018 წლის ჩათვლით, უძრავი ქონების სექტორი ზრდის დინამიკას აჩვენებდა.

მისივე თქმით, 2018 წლის მონაცემებით, უძრავი ქონების ბაზარზე დადებული ტრანზაქციების მოცულობამ 2017 წელს 40 პროცენტით გადააჭარბა, უკვე მიმდინარე წლის პირველი ორი თვის სტატისტიკა კი აჩვენებს, რომ ტრანზაქციების რაოდენობა 25 პროცენტით შემცირდა. ამ ფაქტს ქარდავა 2018 წლის შემოდგომაზე სამშენებლო სექტორში, ხოლო 2019 წლის პირველი იანვრიდან საბანკო სექტორში ამოქმედებულ რეგულაციებს უკავშირებს. თუმცა მისი აზრით, საბოლოოდ რეგულაციების უარყოფით გავლენაზე საუბარი მაინც ნაადრევია.

მისი შეფასებით, ბოლო 20 წლის განმავლობაში სახეზე იყო უსისტემო, უსტანდარტო განვითარება და რეგულაციების ფონზე გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა დედაქალაქში ქაოტური განვითარება სისტემური განვითარებით შეიცვალოს.