ლიკა ქარდავა - თბილისში უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ფორუმი გაიმართება
მდგრადი და მედეგი ქალაქის მშენებლობა – 15-16 ოქტომბერს საქართველო ამ სახელწოდების უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ფორუმს პირველად უმასპინძლებს. ფორუმს, რომელიც თბილისში გაიმართება, 300-მდე სტუმარი და 50 უცხოელი ინვესტორი დაესწრება.
ფორუმის ინიციატორი და ორგანიზატორის – უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის (FIABC-ი) ქართული წარმომადგენლობის – „ფიაბსი ჯორჯიას“ (FIABC Georgia) დამფუძნებლის, ლიკა ქარდავას განცხადებით, ფორუმის მიზანია ერთის მხრივ საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ეკომეგობრული ტენდენციები შემოიტანოს; მეორე მხრივ, საქართველო მსოფლიო ტურიზმისა და უძრავი ქონების რუკაზე უფრო მიმზიდველი გახადოს. ამის შესახებ ქარდავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა.
გადაცემაში საერთაშორისო ფორუმის ქვეყნისთვის მნიშვნელობა და ადგილობრივი უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციები და გამოწვევები განიხილეს. ქარდავამ ხაზი გაუსვა, რომ FIABC-ი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედ უძრავი ქონების ასოციაციებს აერთიანებს და მისი ფორუმი ქვეყნაში უძრავი ქონების მიმართულებით უახლესი ტენდენციების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
„ფორუმის მნიშვნელობა საკმაოდ მაღალია. ეს ფორუმი საქართველოში წელს პირველად ტარდება, მას შემდეგ, რაც 2019 წლის ივნისში FIABC Georgia დაფუძნდა. ეს არის უძრავი ქონების ასოციაციების, უძრავი ქონების წარმატებული კომპანიების, პროფესიონალების და ინვესტორების გაერთიანება, რომელიც მსოფლიო მასშტაბით 70 ქვეყანაშია წარმოდგენილი. საქართველოში წელს პირველად დაფუძნდა და პირველივე წელს ასეთი მნიშვნელოვანი ფორუმი დაანონსდა, რომელიც საერთაშორისო დელეგატებს, ურბანისტებს და ინვესტორებს ელოდება. ფორუმი ორ ნაწილად არის გაყოფილი. უშუალოდ ფორუმი ოქტომბერში ტარდება, ხოლო მაისში პროექტების დაჯილდოება მოხდება. დაჯილდოების თემატიკა იქნება მდგრადი და მედეგი პროექტები, რომლებიც ეკოლოგიურ კრიტერიუმებს პასუხობენ და თანამედროვე ტექნოლოგიებით ვითარდებიან. დაჯილდოვდებიან, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პროექტები“, – განაცხადა ქარდავამ.
მისი განმარტებით, ფორუმი ორ მთავარ მიზანს ემსახურება – საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ეკომეგობრული ტენდენციების განვითარება და მსოფლიოს უძრავი ქონების რუკაზე საქართველოს განვითარებადი ბაზრის პოზიციონირება.
„ფორუმი ორ მთავარ მიზანს ისახავს: პირველი ის, რომ როგორც უძრავი ქონების, ისე სასტუმროების სექტორში წინ წამოვწიოთ მდგრადი ეკომეგობრული მშენებლობის ინიციატივა. დღეს მსოფლიოში ურბანიზაციის ფაქტორი მზარდია და ეკოსისტემაზე ზრუნვა ჩვეულებრივი მოცემულობაა. ურბანული ლანდშაფტი ადამიანის მომავალზე უნდა იყოს მორგებული და გარემოზე მავნე გავლენის ეფექტი შეძლებისდაგვარად უნდა შემცირდეს. შესაბამისად, საერთშორისო ურბანისტების, ექსპერტების გამოცდილების გაზიარება ქართული კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩვენც ჩვენი პროექტებით უახლეს ტენდენციებს ფეხი ავუწყოთ. მეორე ამოცანაა, რომ საქართველო ტურიზმისა და უძრავი ქონების კუთხით ყოველწლიურად უფრო მიმზიდველი გახდეს, როგორც განვითარებადი მიმართულება“, – განუცხადა ლიკა ქარდავამ „ბიზნესპარტნიორს“.