ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები ლიეტუვა-ბელარუსის საზღვართან ჩავიდნენ
ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები ლიეტუვა-ბელარუსის საზღვართან ჩავიდნენ და საზღვრის განმტკიცების გზები განიხილეს. მინისტრების ვიზიტი ორი ქვეყნის დიპლომატიური უწყების ყოველწლიური სემინარის ფარგლებში შედგა.
როგორც გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში წერს – „ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ საფრთხეებს, რომელსაც ბელარუსი და რუსეთი ქმნიან მათი მეზობლებისა და მთლიანად ევროპისთვის“.
ცოტა ხნის წინ, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ხელს არ შეუშლის ევროკავშირში მოხვედრის მსურველ არალეგალ მიგრანტებს და მიანიშნა, რომ ეს ბალტიის ქვეყნების მიერ ბელარუსისთვის დაწესებული სანქციების საპასუხოდაა.
ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანამ ბელარუსის სარეგისტრაციო ნომრების მქონე მსუბუქ ავტომობილებს მათ სახელმწიფოებში შესვლა აუკრძალა. ლიეტუვაში ასევე საუბრობენ ლიეტუვასა და ბელარუსს შორის საავტობუსო მიმოსვლის შემცირებაზეც, ასევე – ბელარუსთან და რუსეთთან საბაჟო თანამშრომლობის შეთანხმების გაუქმებაზე.