ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი - თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია
ლიეტუვა აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, – ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, რაიმუნდას კარაბლისმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ლიეტუვა აქტიურადაა ჩართული ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრის მუშაობასა და ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად ქართული შეიარაღებული ძალები გაწვრთნაში. ჩვენ წარმოდგენილები ვართ საქართველოში ნატო-ს ოფისში. ლიეტუვის სამხედრო სკოლების, ოფიცრების მოსამზადებელი სამხედრო აკადემიის, ბალტიისპირეთის თავდაცვის სკოლის კარი ღიაა ქართველი სამხედროებისთვის და სამოქალაქო პირებისთვის. ასე გაგრძელდება მომავალშიც.
ვმონაწილეობთ ერთობლივ წვრთნებში, ქართველი სამხედროები მონაწილეობენ ლიეტუვაში გამართულ წვრთნებში. ლიეტუვაში ივნისში დაგეგმილია ინტენსიური სწავლებები და მოხარულები ვართ, ვუმასპინძლოთ ქართველ სამხედროებს. აქტიურად ვთანამშრომლობთ კიბერუსაფრთხოების სფეროში. რამდენიმე თვის წინ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლიეტუვაში ვიზიტის დროს, ქართველ კოლეგასთან ერთად ხელი მოვაწერე დეკლარაციას კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. განვახორციელებთ კიბერუსაფრთხოების სფეროშიც ერთობლივ სწავლებებს. ჩვენ ასევე ველოდებით საქართველოს მონაწილეობას ევროკავშირის მიერ დაგეგმილ სწავლებებში კიბერუსაფრთხოებისა და თავდაცვის პროექტებში. ერთ-ერთ ასეთ პროექტს ლიეტუვა ხელმძღვანელობს. ჩვენი აქტიური თანამშრომლობის არაერთი მაგალითი არსებობს. ვაღრმავებთ ორმხრივ ურთიერთობებსაც“,- განაცხადა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა.