ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი - რუსეთის სამხედრო ძალების ბელარუსში წვრთნებისთვის გადაყვანას ლიეტუვა პირდაპირ საფრთხედ განიხილავს
რუსეთის სამხედრო ძალების ბელარუსში წვრთნებისთვის გადაყვანას ლიეტუვა პირდაპირ საფრთხედ განიხილავს, – ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი არვიდას ანუსაუსკასი სოციალურ ქსელში წერს.
„შექმნილ ვითარებაში ბელარუსში რუსეთის სამხედრო ძალების შეყვანას მივიჩნევთ არა მხოლოდ უსაფრთხოების ვითარების დესტაბილიზაციის გამომწვევ ფაქტორად, არამედ კიდევ უფრო დიდ პირდაპირ საფრთხედ ლიეტუვისთვის”, – წერს მინისტრი.
როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, მინისტრი მოუწოდებს ვაშინგტონსა და ნატო-ს, რეაგირება რეგიონში მეტი ძალების განთავსებით იქონიოს.
მოსკოვმა ბელარუსთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების ფარგლებში შეიარაღებული ძალები ქვეყანაში ორშაბათს შეიყვანა.
ლიეტუველი მინისტრის თქმით, რუსეთს უკვე დიდი ხანია, სამხედროების გარდა, კალინინგრადში, ნატო-ს წევრ ლიეტუვასა და პოლონეთს შორის ბირთვული იარაღი აქვს განთავსებული.