ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოსახლეობის მასობრივი ევაკუაციის ეროვნული გეგმის შემუშავებას აპირებენ
ლიეტუვა მოსახლეობის მასობრივი ევაკუაციის ეროვნულ გეგმას შეიმუშავებს, – ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა. აგნე ბილოტაიტეს თქმით, ქვეყანას ამჟამად უნდა ჰქონდეს მოსახლეობის ევაკუაციის ეროვნული მასშტაბის გეგმა და უნდა იყოს მზად მისი განხორციელებისთვის.
ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ კიბერთავდასხმების გამო მოსახლეობის უსაფრთხოება პრიორიტეტული საკითხი გახდა.
„უკრაინის წინააღმდეგ ომი გრძელდება. ჩვენი რეგიონის ქვეყნები ჰიბრიდული და დეზინფორმაციული შეტევების ობიექტები არიან. დივერსია ჩვენი ახალი რეალობაა. აღსანიშნავია, რომ ჩვენ მოწინავე პოზიციაზე ვართ, ამიტომ დღეს სამოქალაქო დაცვა პრიორიტეტია“, – განაცხადა ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, აგნე ბილოტაიტეს განცხადებით, ეროვნული დონის სამოქალაქო დაცვის გაძლიერება საკმარისი არ არის, ამიტომ გადაწყდა ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ერთად მუშაობა, ასევე ევროკავშირისგან დაფინანსების მოთხოვნა.