ლიეტუვის სეიმმა მიიღო კანონში ცვლილება, რომლის მიხედვით, საერთაშორისო და ეროვნული სანქციების შეუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმებიდან მიღებული თანხა უკრაინას მოხმარდება
ლიეტუვის სეიმმა მიიღო კანონში ცვლილება, რომლის მიხედვით, საერთაშორისო და ეროვნული სანქციების შეუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმებიდან მიღებული თანხა უკრაინას მოხმარდება

ლიეტუვის სეიმმა თანამშრომლობისა და ჰუმანიტარული დახმარების შესახებ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა. ცვლილებების მიხედვით, საერთაშორისო ან ეროვნული სანქციების შეუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმებიდან და ჩამორთმეული ქონებიდან მიღებული თანხები თანამშრომლობის განვითარების ფონდში გადაირიცხება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, ლიეტუვის კანონმდებლობით დადგენილი საერთაშორისო სანქციების ან შემაკავებელი ზომების დარღვევა ისჯება ჯარიმით 200-დან 6 000 ევრომდე. შესწორებაში ასევე ნათქვამია, რომ ეს თანხები მოხმარდება მხოლოდ უკრაინის აღდგენას.

ცვლილებები ძალაში იქნება ათი წლის განმავლობაში – 2034 წლის იანვრამდე.

„ჩვენი მიზანია, ლიეტუვამ ერთობლივი წვლილი შეიტანოს უკრაინის აღმშენებლობაში და გამოავლინოს ძლიერი პოზიცია უკრაინის მხარდასაჭერად რუსული აგრესიის ფონზე“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იოვიტა ნელიუფსიენემ, რომელმაც სეიმში პროექტი წარადგინა.

მისივე თქმით, ლიეტუვა დამოუკიდებლად, ევროკავშირის ან საერთაშორისო დონეზე გადაწყვეტილებების მოლოდინის გარეშე, მიიღებს ზომებს, რომლებიც ხელს შეუწყობს უკრაინის აღდგენას.