ლიეტუვის სეიმი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ გახსნას უკრაინასა და მოლდოვასთან, მიესალმება ევროკომისიის წინადადებებს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე
ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტმა განიხილა ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის შეტყობინება ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ. კერძოდ, განიხილა მისი დებულებები, რომლებიც რეკომენდაციას უწევს ევროპულ საბჭოს, გადადგას შემდეგი ნაბიჯები: გაიხსნას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან და შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემდეგ დამტკიცდეს გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩო; დადგენილი ნაბიჯების განხორციელების შემთხვევაში, საქართველოს მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი; დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ დონეს მიაღწევს.
ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის გაფართოების სიჩქარე დამოკიდებულია წევრობის მსურველი ქვეყნების მიერ გატარებულ რეფორმებზე და ხაზს უსვამს აუცილებლობას, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის პოზიციების გატარებაში, განახორციელონ ევროკავშირის სანქციები მესამე ქვეყნების წინააღმდეგ.
ამასთან, ლიეტუვის სეიმი ხაზს უსვამს აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორების გადამწყვეტ როლს რეგიონში გრძელვადიანი უსაფრთხოების, სტაბილურობის ხელშეწყობაში და აღნიშნავს, რომ უკრაინის, მოლდოვის, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ევროკავშირში ინტეგრაცია ხელს შეუწყობს პოტენციური ახალი გეოპოლიტიკური რღვევების თავიდან აცილებას.
სეიმი აღიარებს ურყევ ერთგულებას უკრაინის მხრიდან, რომელიც ბრძოლის ველზე უმაღლეს ფასად იცავს ევროპულ ღირებულებებს, პრინციპებს, ასევე აღიარებს მოლდოვის გადაწყვეტილებას, შეუერთდეს ევროკავშირს, რაც გამოიხატება ორი ქვეყნის ძალისხმევით არსებითი პოლიტიკური, ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებაში, მიუხედავად რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებული გეოპოლიტიკური გამოწვევებისა; აფასებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერას ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ და გამოხატავს ოპტიმიზმს, რომ ეს ეფექტიანად აისახება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ნაბიჯებზე; მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ გახსნას უკრაინასა და მოლდოვასთან; მიესალმება კომისიის წინადადებებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას შესაბამისი საჭირო დონის მიღწევის შემდეგ;
ლიეტუვის სეიმი მიიჩნევს, რომ 2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიის მიერ მიღებულ რეკომენდაციებზე გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული ერთიან პაკეტში, რათა უზრუნველყოფილ იქნას ევროკავშირის გაფართოების თანმიმდევრული პროცესი ცალკეულ ქვეყნებზე გადაწყვეტილებების შესაძლო ბლოკირების თავიდან აცილების მიზნით;
მოუწოდებს სხვა წევრ სახელმწიფოებს, 2023 წლის დეკემბერში, ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს შეხვედრაზე დაადასტურონ ევროკომისიის რეკომენდაციები და დაამტკიცონ უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა; მოუწოდებს ევროკომისიას და ევროპული საბჭოს, სასწრაფოდ შეიმუშაონ, დაამტკიცონ უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნის ჩარჩო; მოუწოდებს უკრაინას, მოლდოვას, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას, განაგრძონ საჭირო რეფორმები; სეიმი ადასტურებს ლიეტუვის მზადყოფნას, დახმარება გაუწიოს ყოვლისმომცველი რეფორმების პროცესს, ადასტურებს კომიტეტის ვალდებულებას, ჩატარდეს მონიტორინგი, კომიტეტის სხდომებზე რეგულარულად განიხილოს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების პროგრესი და ევროკავშირის შესაბამის ფორმატებში გადაწყვეტილებების შესახებ მიაწოდოს რეკომენდაციები მთავრობასა და ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტს.