ლიეტუვის სასამართლო - საქართველოს ყოფილმა ელჩმა ბინის ქირის დავალიანება უნდა გადაიხადოს
ლიეტუვის სასამართლო - საქართველოს ყოფილმა ელჩმა ბინის ქირის დავალიანება უნდა გადაიხადოს

ლიეტუვის სასამართლომ ბალტიისპირეთის ამ ქვეყანაში საქართველოს ყოფილ ელჩს, ხათუნა სალუქვაძეს ბინის ქირის დავალიანების გადახდა დაავალდებულა.

როგორც ლიეტუვის მედია წერს, სალუქვაძეს სასამართლოში მის მიერ ნაქირავები ბინის მეპატრონემ, მანუელ რუის გარსიამ უჩივლა.

საქმე ეხება ვილნიუსში იმ ბინას, სადაც ქართველი დიპლომატი ლიეტუვაში ელჩად მუშაობის დროს ცხოვრობდა.

როგორც ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, ხათუნა სალუქვაძემ გარსიასგან ბინა 2016 წელს იქირავა და კონტრაქტი 2018 წლის 21 სექტემბრამდე გააფორმა.

„ხელშერკულების მიხედვით, მას თვეში ქირის გადასახადი, 3050 ევრო უნდა გადაეხადა“,- წერს ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი. როგორც მომჩივანი აცხადებს, აღნიშნული კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ, სალუქვაძემ ბინა არ დაცალა და კიდევ რამდენიმე თვე ცხოვრობდა სახლში. „დიპლომატმა ბინა აპრილში დაცალა, როდესაც მისი ელჩობის ვადა ამოიწურა“, – წერს ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, სალუქვაძის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე ლიეტუვის სასამართლომ განაჩენი ივლისში გამოიტნა და მას დავალიანების, დარიცხული პროცენტისა და სასამართლოს ხარჯის ანაზღაურება დაავალდებულა.

თავად სალუქვაძე დავალიანების არსებობას უარყოფს. ის ამტკიცებს, რომ სასამართლო საერთოდ არ ჩატარებულა. ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სასამართლომ ხათუნა სალუქვაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაუგზავნა.