ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის დამარცხების შემდეგ, გაბრიელიუს ლანდსბერგისი პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგა
ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის დამარცხების შემდეგ, გაბრიელიუს ლანდსბერგისი პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი მმართველი კონსერვატიული პარტიის, „სამშობლოს კავშირი – ლიეტუვის ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარეობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც მისი პარტია სეიმის არჩევნებში დამარცხდა.

ამასთან, თავად ლანდსბერგისი დამარცხდა „ლიბერალური მოძრაობის“ კანდიდატთან ერთმანდატიან ოლქში, სადაც ის კენჭს იყრიდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ლანდსბერგისმა თავისი გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად არჩევნების შედეგები დაასახელა.

ლანდსბერგისის თქმით, მან გადადგომა გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც ამომრჩევლებისგან გზავნილი მიიღო.

„ამომრჩეველთა გზავნილი საკმაოდ მკაფიოა როგორც პარტიისთვის, ისე პირადად ჩემთვის და შეცდომა იქნებოდა ამის არგაგება. ამ სიგნალს მე ძალიან სერიოზულად ვიღებ. ამიტომ გადავწყვიტე, დღეს გადავდგე „სამშობლოს კავშირი – ლიეტუვის ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარის თანამდებობიდან“, – განაცხადა ლანდსბერგისმა.

ლანსდბერგისმა ასევე აღნიშნა, რომ ის არ შევა სეიმში, რაც ნიშნავს, რომ მისი მანდატი გადაეცემა პარტიულ სიაში მყოფ შემდეგ პოლიტიკოსს.

„დამატებით, ეს არის სიგნალი არა მხოლოდ პოლიტიკური ძალისთვის, არამედ, ასევე, პირადად ჩემთვის. მე მივიღე გადაწყვეტილება, ავიღო შესვენება ჩემს პოლიტიკურ კარიერაში და გადავცე სიაში ჩემ შემდგომ კოლეგას ჩემი მანდატი, რომლისთვისაც ჩემი ამომრჩევლის მადლობელი ვარ“, – განაცხადა ლიეტუველმა პოლიტიკოსმა.

ლანდსბერგისი თქმით, ის თავისი პარტიის მომავალ ლიდერად მოქმედ პრემიერ-მინისტრს, ინგრიდა შიმონიტეს ხედავს.

ლიეტუვაში 27 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, ხმების 99%-ის დათვლის შედეგად ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პატია იმარჯვებს, რომელიც 141-წევრიან ასამბლეაში 52 მანდატს იღებს. მმართველი „სამშობლოს კავშირი“ კი მეორე ადგილზეა 28 მანდატით.

გამარჯვებული ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტია განიხილავს სამი პარტიისგან შემდგარი მმართველი კოალიციის ჩამოყალიბებას დემოკრატიულ კავშირთან „ლიეტუვისთვის“ და „ლიეტუვის გლეხთა და მწვანეთა კავშირთან“.