ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - უნგრეთი არის ევროპის და იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რასაც ევროკავშირი იცავს
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - უნგრეთი არის ევროპის და იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რასაც ევროკავშირი იცავს

უნგრეთი არის ევროპის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ჟურნალისტებმა მას სთხოვეს, შეეფასებინა უნგრეთის პოზიცია, რომელიც უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის გასაგრძელებლად ევროკავშირის ბიუჯეტის გაზრდის წინააღმდეგ გამოდის, ასევე ბლოკავს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას.

„როგორც მე მესმის, უნგრეთის პოზიცია არა მხოლოდ უკრაინასთან, არამედ ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით არის ის, რომ უნგრეთი არის ევროპის წინააღმდეგ და იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რასაც ევროკავშირი იცავს. ეს არის იდეოლოგიების დაპირისპირება – მათი, ვისაც სურთ, რომ ევროპა იყოს ძლიერი და მათი, ვისაც საერთოდ არ სურთ ევროკავშირის არსებობა. ჩვენ თუ შევძლებთ რაციონალური გზით, პრაგმატულად გადაწყვეტილებების მიღებას, მაშინ პრობლემას გადავჭრით, თუ ვერ შევთანხმდებით, წინ ბნელი დრო გველის“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ასევე ხაზი გაუსვა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობას და განაცხადა, რომ უკრაინის ომის შედეგი აისახება აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ სახელმწიფოებზე და ყველა იმ ქვეყანაზე, რომელიც რუსეთს ესაზღვრება.

„ჩვენ თუ ვერ შევძლებთ შეთანხმებას უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებაზე, ამას მოჰყვება შედეგი უკრაინაში, მაგრამ არამხოლოდ იქ. მოხარული ვარ, რომ დღეს შექმნილ ვითარებას განვიხილავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რადგან უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგები აისახება აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეულ ქვეყანაზე და არა მხოლოდ მათზე, არამედ იმ ქვეყნებზე, რომლებიც ესაზღვრებიან რუსეთს, როგორიც არის ჩემი ქვეყანაც. შედეგები იქნება რეგიონული და გლობალურიც“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.