გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, პოლონეთმა და ფინეთმა, შესაძლოა, აკრძალონ რუსი ტურისტების შესვლა, თუ ევროკავშირი არ აამოქმედებს აკრძალვას მთელი ეკონომიკური ბლოკის მასშტაბით
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ბალტიის ქვეყნებმა, ფინეთმა და პოლონეთმა მათ ქვეყნებში შესაძლოა, რუსი ტურისტების შესვლა აკრძალონ. „როიტერის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ვილნიუსში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, პოლონეთმა და ფინეთმა, რომლებიც ყველა ესაზღვრებიან რუსეთს, შესაძლოა, აკრძალონ მათ ქვეყნებში რუსი ტურისტების შესვლა, თუ ევროკავშირი არ აამოქმედებს აკრძალვას მთელი ეკონომიკური ბლოკის მასშტაბით.
„მე ვესაუბრე ყველა ამ ქვეყნის მინისტრებს და ვერ ვხედავ ბევრ განსხვავებას პოლიტიკურად“, – განაცხადა ლანდსბერგისმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსებისთვის ვიზების გაცემის რეგიონალური აკრძალვისას, რომლის განხილვასაც ხუთი ქვეყნის მინისტრები მომავალ ორშაბათს გეგმავენ, გამოყენებულ უნდა იქნას საერთო ნორმები, რათა აკრძალვა შეეხოთ ტურისტებს, დისიდენტებს კი შესვლის საშუალება ჰქონდეთ.
„რუსი ტურისტები არ უნდა იყვნენ ევროკავშირში, მათი ქვეყანა ჩადის გენოციდს“, – განაცხადა ლანდსბერგისმა.
დღესდღეობით, რუსი ტურისტები ევროკავშირის ტერიტორიაზე სწორედ ამ მოსაზღვრე ხუთი ქვეყნიდან შედიან მას შემდეგ, რაც სანქციების გამო პირდაპირი ფრენები რუსეთიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე აიკრძალა.