ლიეტუვის პრეზიდენტის მრჩეველი აცხადებს, რომ რუსეთის დივერსიულ ქმედებებზე, რომლებიც ევროპის ქვეყნებში დაფიქსირდა, კოლექტიური რეაგირებაა აუცილებელი
ლიეტუვაში აცხადებენ, რომ რუსეთის დივერსიული ქმედებები, რომლებიც დაფიქსირდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მოითხოვს სამართლებრივ შეფასებას და კოლექტიურ რეაგირებას.
„ერთ-ერთი რამ, რაც ჩვენ აუცილებლად გვჭირდება, არის ამ ქმედებების სამართლებრივი შეფასება. მეორე ნაბიჯი, რა თქმა უნდა, კოლექტიური პასუხია. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ ლიეტუვაზე, ბალტიისპირეთის ქვეყნებზე ან პოლონეთზე, არამედ მთელ ალიანსზე და ყველა იმ ქვეყანაზე, რომელიც უკრაინას ეხმარება. ამიტომ პასუხი უნდა იყოს კოლექტიური, ძალიან მკაფიო წითელი ხაზებით“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტის უფროსმა მრჩეველმა, კესტუტის ბუდრისმა.
ბუდრისის თქმით, მნიშვნელოვანია რუსეთისთვის საზღვრების დაწესება, რომლის გადაკვეთაც ნატო-ს წინააღმდეგ აგრესიის აქტად ჩაითვლება.
„ვფიქრობ, რუსეთი გვამოწმებს იმ კუთხით, თუ რამდენად მოვითმენთ გარკვეულ ქმედებებს და ეს ტოლერანტობა არც ისე შორს წასულა, ჩვენ ახლა ამაზე ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებთან“, – განაცხადა ბუდრისმა.
მანამდე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა აღიარა, რომ ამ თვის დასაწყისში ვარშავაში სავაჭრო ცენტრის დაწვის უკან, შესაძლოა, რუსული სადაზვერვო სამსახურები მდგარიყვნენ, თუმცა გამოძიების დასრულებამდე ყველას სპეკულაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას პოლონეთში 12 პირი დააკავეს, რომლებიც რუსეთის დაკვეთით დივერსიის მცდელობაში არიან ეჭვმიტანილი.