ლიეტუვის პრეზიდენტი - საქართველოში ბოლო მოვლენებმა შეშფოთება გამოიწვია, გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს მხოლოდ პარტიებს შორის ნამდვილი დიალოგის გზით
სამწუხაროდ, საქართველოში ბოლო მოვლენებმა და ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებამ შეშფოთება გამოიწვია, გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს მხოლოდ პარტიებს შორის ნამდვილი დიალოგის გზით, – ამის შესახებ აღნიშნულია ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.
როგორც ლიეტუვის პრეზიდენტი აღნიშნავს, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მიზნები მოითხოვს ფართო პოლიტიკურ ერთობას და კონცენტრირებულ ქმედებას, მათ შორის – კონსტრუქციულ და განგრძობად დიალოგს ყველა პოლიტიკური პარტიის მონაწილეობით.
„ლიეტუვა რჩება საქართველოს ევროატლანტიკური გზის მხარდამჭერად და მხარს დაუჭერს ყველა ძალისხმევას, რათა არსებული პოლიტიკური ვითარება გადალახოს. ლიეტუვა მზად არის მედიაციის ძალისხმევისთვის დიალოგისა და კონსენსუსის მოსაძიებლად ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.