ლიეტუვის პრეზიდენტი - რუსეთი აგრძელებს ადამიანის უფლებების დარღვევას ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში
რუსეთი აგრძელებს ადამიანის უფლებების დარღვევას ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, – ეს განცხადება ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 46-ე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ონლაინმიმართვაში ლიეტუვის ლიდერმა ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევების ჩამოთვლისას დაასახელა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტიც.
„ჩვენ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ბოლო პერიოდში მომხდარი ადამიანის უფლებების დარღვევები. მათ შორის ალექსეი ნავალნის მოწამვლის მცდელობა და მისი დაპატიმრება. ადამიანის უფლებათა დამცველ და ისტორიკოს იური დიმიტრევის პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო და ბევრი სხვა მაგალითი, რომელიც სამწუხარო სურათს ქმნის. ამას აუცილებლად უნდა დავამატოთ ქმედებები ანექსირებულ ყირიმში, უკრაინის მთავრობის მიერ არაკონტროლირებად აღმოსავლეთში და ასევე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ლიეტუვა ითხოვს, რომ საერთაშორისო კანონმდებლობის სისტემატიური დარღვევა შეწყდეს“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
ამასთან, ლიეტუვის ლიდერმა ასევე ისაუბრა ბელარუსში არსებულ მდგომარეობაზე.
„ბელარუსში „გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნებიდან ექვსი თვის განმავლობაში მშვიდობიან დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ სამართალდამცავების მხრიდან ადგილი აქვს მასობრივ ძალადობას. ასეთ ძალადობას საერთაშორისო ორგანიზაციებმა პასუხი უნდა გასცენ. ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები უნდა იყოს გამოძიებული. აუცილებელია ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე ანგარიშვალდებულების მექანიზმის შემუშავება“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.