გიტანას ნაუსედა - ომი არავისთან გვაქვს, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადება არ არის ლიეტუვის ოფიციალური პოზიცია
ომი არავისთან გვაქვს, ეს ლიეტუვის ცალკეული სეიმის წევრის სიტყვაა და ყველას აქვს თავისი აზრი, ეს არ არის ლიეტუვის ოფიციალური პოზიცია, – ასე უპასუხა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონის განცხადებას შეეხებოდა.
ვიდეოჩანაწერში, რომელიც რუსმა პრანკერებმა გაავრცელეს, ჟიგიმანტას პავილიონისი რუსეთზე, საქართველოზე, უკრაინაზე, ბელარუსზე, ასევე ამ ქვეყნებში ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან მუშაობაზე საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ ახლა აქვს „თავისი ომი ივანიშვილთან საქართველოში“.
როგორც გიტანას ნაუსედასმა ამ კითხვაზე პასუხისას აღნიშნა, ლიეტუვის ოფიციალური პოზიცია არის მოლაპარაკებები.
„ომი არავისთან გვაქვს, ეს ლიეტუვის ცალკეული სეიმის წევრის სიტყვაა და ყველას აქვს თავისი აზრი, ეს არ არის ლიეტუვის ოფიციალური პოზიცია. მინდა, გითხრათ, რომ ლიეტუვის ოფიციალური პოზიცია არის მოლაპარაკებები, ამის ერთ-ერთი მაგალითი სწორედ გახლდათ ევროკავშირის ჩართულობა, შარლს მიშელის ხელმძღვანელობით მიღწეული შეთანხმება, რომელიც ასევე უნდა განხორციელდეს. სწორედ ეს არის პირველ რიგში ლიეტუვის ოფიციალური პოზიცია. მთავარი არის მოლაპარაკება“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.