ლიეტუვის პრეზიდენტი - მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ უკანონო ანექსიას, მივესალმებით კიევის ინიციატივას ყირიმის პლატფორმის შექმნის შესახებ
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვიდა. უკრაინელი დეპუტატებისადმი მიმართვის ნაწილი ლიეტუვის ლიდერმა უკრაინულ ენაზე წარმოთქვა.
მან რადას ტრიბუნიდან დაგმო რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსია და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა დაადასტურა.
„იმის მიუხედავად, რომ გავიდა შვიდი წელი სამხედრო აგრესიიდან, რომელმაც დაანგრია საერთაშორისო წესრიგი და თანხმობა ევროპაში, ჩვენ ლიეტუველები, კვლავ მტკიცედ ვამბობთ: ყირიმი უკრაინაა. ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ უკანონო ანექსიას, მხარს ვუჭერთ უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მივესალმებით კიევის ინიციატივას ყირიმის პლატფორმის შექმნის შესახებ“, – განაცხადა ნაუსედამ უკრაინის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
ლიეტუვის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს უკრაინას ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე.
„ეჭვი არ გვეპარება, რომ ძლიერი უკრაინის ადგილი ძლიერ ევროპაშია. გულწრფელად გვიხარია უკრაინის ცივილიზებული არჩევანი, ისწრაფოდეს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, როგორც ეს ქვეყნის კონსტიტუციაშია დამტკიცებული. ლიეტუვა ყოველთვის გიჭერდათ მხარს ევროკავშირისა და ნატო-სკენ მიმავალ გზაზე“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.
მისი თქმით, ლიეტუვა დაეხმარება უკრაინას რეფორმების გატარებაში.
„ჩვენ უკეთ ვიცით, ვიდრე ვინმე სხვამ, რომ თქვენ რთული გამოწვევები გელოდებათ და მზად ვართ, გაგიზიაროთ გამოცდილება“, – განაცხადა ლიეტუვის ლიდერმა.
ამასთან, ნაუსედას თქმით, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უკრაინას უნდა ახსოვდეს, რომ რეფორმების წარმატება საჭიროა უპირველეს ყოვლისა მოსახლეობის კეთილდღეობისა და სახელმწიფოს სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის.