ლიეტუვის პრეზიდენტი მიანიშნებს, რომ ევროკომისრის პოსტზე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მიანიშნებს, რომ ევროკომისრის პოსტზე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.
ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანამ ევროკომისრის პოსტზე ეკონომიკურ პორტფელზე უნდა გაამახვილოს ყურადღება და არა – საგარეო პოლიტიკაზე.
„ჩვენ პრაქტიკულად არ გვაქვს საგარეო პოლიტიკის პორტფელი ან ისინი ძალიან ზედაპირულად არიან დაკავშირებული საგარეო პოლიტიკასთან, ვფიქრობ, ლიეტუვას შეუძლია ფოკუსირება ეკონომიკურ პორტფელებზე, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მან.
ლანდსბერგისს თანაპარტიელები და მედია მთავარ პრეტენდენტად განიხილავენ, თუმცა ხელისუფლებაში ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებიათ.
„ამ ბოლო დროს ჩვენ გვქონდა უცნაური დისკუსია – კომისარი ლანდსბერგისი თუ არა. ეს არის ძალიან არაკონსტრუქციული მიდგომა. მე მჯერა, რომ ეკონომიკას არაფერი აქვს საერთო ბატონი ლანდსბერგისის ინტერესების სფეროსთან“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.