ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვილნიუსის სამიტზე უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე ჩანაწერი ორაზროვანია
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვილნიუსის სამიტზე უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე გაკეთებული ჩანაწერი ორაზროვანია. ამის შესახებ ინგრიდა შიმონიტემ გერმანიაში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ის ბავარიაში ქრისტიან-სოციალური კავშირის შეკრებას დაესწრო.
„ჩანაწერი, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინა ნატო-ში გაწევრიანდება „მაშინ, როდესაც ალიანსის წევრები შეთანხმდებიან და პირობები დაკმაყოფილდება“ ძალიან დიდ სივრცეს ტოვებს ორაზროვნებისა და დისკუსიისთვის. ჩვენ გვჭირდება, და ამას ვალდებულებად მივიჩნევ, მეტი მუშაობა და დისკუსია ჩვენს მეგობრებთან, პარტნიორებთან, რომ ეს ორაზროვნება უახლოეს მომავალში გაქრეს“, – განაცხადა შიმონიტემ.
ამასთან, შიმონიტემ აღნიშნა, რომ მას არ სურს უთანხმოება, რადგან ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებაა ნატო-სა და ევროკავშირისთვის. მისივე თქმით, ნატო-ს სამიტზე უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელების კუთხით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იყო მიღებული.