ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი - უკრაინა, საკუთარი მიწისა და სახელმწიფოებრიობის დაცვით, გვიცავს ყველას, ჩემს სამშობლოს, ევროპასა და მთელ დემოკრატიულ სამყაროს
ლიეტუვა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რათა ქვეყანა გამარჯვებასთან დააახლოოს, – ამის შესახებ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგრიდა შიმონიტემ კიევში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ინგრიდა შიმონიტემ უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოსახატად უკრაინულ ენაზე ისაუბრა.
„ჩემთვის დიდი პატივი და სიხარულია უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს უკრაინელ თავისუფალ, მებრძოლ ხალხთან ერთად დგომა. ისევე როგორც მთელი ცივილიზებული სამყარო, აღფრთოვანებული ვარ თქვენით და გულწრფელად მადლობელი ვარ. თქვენი მიწისა და სახელმწიფოებრიობის დაცვით, თქვენ ყველას გვიცავთ – ჩემს სამშობლოს, ლიეტუვას, ევროპასა და მთელ დემოკრატიულ სამყაროს. ლიეტუვა იყო და იქნება უკრაინის გვერდით ყოველ ნაბიჯზე ამ მიზნისკენ, ჩვენ ვაკეთებთ და გავაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას, რათა გამარჯვებამდე მივიდეთ, რათა სინათლემ ბოროტებაზე გაიმარჯვოს, რათა თავისუფალმა ხალხმა გაიმარჯვოს“, – განაცხადა შიმონიტემ.