ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტრო - ლიეტუვამ მთლიანად შეწყვიტა რუსული გაზის მიღება, ამ თვის დასაწყისიდან გაზის ტრანსპორტირების სისტემა ფუნქციონირებს რუსული გაზის იმპორტის გარეშე
ლიეტუვაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან პირველებმა თქვეს უარი რუსულ გაზზე.
აღნიშნულის შესახებ განცხადებას ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.
„რუსული გაზისგან სრული ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით, ევროპაში რუსეთის ენერგეტიკული შანტაჟისა და უკრაინაში ომის საპასუხოდ, ლიეტუვამ მთლიანად შეწყვიტა რუსული გაზის მიღება: ამ თვის დასაწყისიდან ლიეტუვის გაზის ტრანსპორტირების სისტემა ფუნქციონირებს რუსული გაზის იმპორტის გარეშე“, – ნათქვამია განცხადებაში.
ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, ახლა ლიეტუვის მთელ მოთხოვნას გაზზე აკმაყოფილებს კლაიპედას გათხევადებული ბუნებრივი აირის ტერმინალი და მომდევნო პერიოდისთვის მომხმარებლები ბუნებრივ აირს მხოლოდ ტერმინალიდან მიიღებენ. სამინისტროს ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში, გაზის ლიეტუვაში მიწოდება შესაძლებელია ლატვიის გაზსადენთან მიერთებით, ხოლო პირველი მაისიდან პოლონეთის გაზსადენის ქსელის მეშვეობით.
ენერგეტიკის მინისტრმა დაინიუს კრეივისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის გარდამტეხი მომენტი ლიეტუვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ისტორიაში.
„ჩვენ ვართ ევროკავშირის პირველი ქვეყანა ბუნებრივი აირით „გაზპრომის“ მიერ მომარაგებულ ქვეყნებს შორის, რომელმაც უზრუნველყო დამოუკიდებლობა რუსული გაზის მიწოდებისგან და ეს არის გრძელვადიანი თანმიმდევრული, ენერგეტიკული პოლიტიკისა და დროული ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების შედეგი“, – განაცხადა კრეივისმა.