ლიეტუვამ ბელარუსიდან გადასული მიგრანტების სიმრავლის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
ლიეტუვამ ბელარუსიდან გადასული მიგრანტების სიმრავლის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ლიეტუვამ ბელარუსიდან გადასული მიგრანტების სიმრავლის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრ ინგრიდ სიმონიტეს კაბინეტმა საგანგებო მდგომარეობის მიღების გადაწყვეტილება, სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციის საფუძველზე მიიღო.

სამსახურის ცნობით, 2021 წელს ბალარუსიდან არალეგალურად გადმოსული 822 პირი დააკავეს. გასულ წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 81 შეადგენდა. სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, მარტო გასულ დღეს 150 არალეგალი დააკავეს ლიეტუვა-ბელარუსის საზღვარზე.

ემიგრანტთა რაოდენობის ზრდა ბელარუსსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაუარესებამ გამოიწვია. რამდენიმე დღის წინ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ, ბელარუსი არალეგალი მიგრანტებისთვის საზღვრის კონტროლს შეამსუბუქებს.

ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრის, აგლე ბილოტაიტეს თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება არა საფრთხის, არამედ ემიგრანტთა მიღების სისტემის გაუმჯობესებისთვის გამოცხადდა. ​

ლიეტუვის მედიის ინფორმაციით, ემიგრანტთა უმეტესობამ უკვე მოითხოვა ლიეტუვაში თავშესაფარი, რომელთა შორის ავღანეთის, კამერუნის, ერაყის და სირიის მოქალაქეები არიან.

ლიეტუვის მთავრობას აღნიშნულ საკითხში დახმარება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულ ვონ დერ ლეიენმა აღუთქვა, რომელიც ვილნიუსში იმყოფებოდა ვიზიტით.

მისი თქმით, საკითხით ევროკავშირის საზღვრის დაცვის სამსახური „ფრონტექსი“ დაინტერესდება და მესაზღვრეთა ჯგუფები არამარტო ლიეტუვაში, არამედ ლატვიაშიც გაიგზავნებიან.